ეროვნული არქივი 2025 წელს ახალი მასალებით შეივსო

დოკუმენტებს შორის არის როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, ისე კერძო არქივებიდან მიღებული მასალა, რომელიც ასახავს ქვეყნის უახლოეს წარსულს, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. 2025 წელს საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებს 56.594 საარქივო საქმე, 116 კინოფირი, 2.954 ფოტოსურათი, 150 აუდიოჩანაწერი, პერიოდული გამოცემების 746 ნომერი, 15 წიგნი, 3 რუკა და სხვა დოკუმენტები შეემატა, ნათქვამია არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დოკუმენტებს შორისაა როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, ისე კერძო არქივებიდან მიღებული მასალა, რომელიც ასახავს ქვეყნის უახლოეს წარსულს, ასევე საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
უწყების ცნობით, ძველი საბუთების კოლექცია შეივსო მე-19 საუკუნის 18 ერთეული ნასყიდობის წიგნით. სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკის რუკების ფონდს შეემატა ალექსანდრ გროსის ატლასი (ლონდონი, 1920 წელი), ჰაინრიხ ბერგჰაუსისა და კარლ ფლემინგის „კავკასიის რუკა“ (გლოგაუ, 1859 წელი), ტომასო სანტონის „სოხუმის სანაპიროს რუკა“ (პიზა, 1861 წელი).
კინოარქივი გამდიდრდა შემდეგი მხატვრული, დოკუმენტური ფილმებითა და კინოჩანაწერებით: ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“, „უშენოდ მგონი მოვკვდები“, „ნაზარის უკანასკნელი ლოცვა“; ანდრო ჭიაურელის „წარმართობა“, „ანარეკლი“, „სიკეთის ტელეფონი“, „1992“; მერაბ ჯაფარიძის „უმაღლესი ჯილდო“, „ჩვენ ქურთები ვართ“; ლევან კიტიას „ტრასა“, „გზაჯვარედინი“. ასევე, სცენები კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლებიდან: „ჯორდანო ბრუნო“, „სასამართლო ქრონიკა“, „ბუდე მეცხრე სართულზე“, „კოლხეთის ცისკარი“, „შუაღამემ გადაიარა“, კინომსახიობთა თეატრის დადგმა „წუთისოფელი ასეა“ და სხვა.
ამიერიდან არქივის ფონოკოლექციაში იქნება დაცული საოპერო მომღერლების: დავით გამრეკელის, მერი ნაკაშიძის, მედეა ამირანაშვილის მიერ შესრულებული არიები; ოპერა „ქეთო და კოტეს“ 1950 წლის ჩანაწერი; ოპერები „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“; ფონდ „ქართული გალობის“ მიერ გამოცემული ფოლკლორული სიმღერები.
არქივისათვის გადაცემულ ფოტოებს შორისაა ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ამსახველი კადრები; მსახიობ კახი კავსაძის საოჯახო არქივში დაცული სურათები; ბათუმის საოპერო თეატრის სპექტაკლების, ბათუმის საერთაშორისო საოპერო მუსიკალური ფესტივალის ვიზუალური მასალა.
საქართველოს ეროვნული არქივი 1920 წლის 23 აპრილს დაარსდა. ოფიციალური ვერსიით, საქართველოში დოკუმენტური ძეგლების შენახვა ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაიწყო.
2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები იუნესკოს პროგრამა „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შეიტანეს.