ეს სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას: ვოლსკი პოლიტიკურ დებატებზე

ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების გამართვაზე მზადყოფნა მთავრობისადმი ლოიალურმა ორმა ტელეკომპანიამ - „იმედმა" და „რუსთავი 2“-მა გამოთქვა.
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. დებატები სჭირდება ქვეყანას, საზოგადოებას, როგორი პოლიტიკური განწყობებისაც არ უნდა იყვნენ ადამიანები, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „დღის ქრონიკაში" დებატებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
ქართულ ტელესივრცეში დებატების გამართვის ინიციატივა პრემიერ ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის, აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კონსტრუქციული დიალოგის კულტურის ხელშეწყობის მიზნით ოპოზიციასთან ღია დებატების გამართვას. ამ დროისთვის პოლიტიკური დებატების გამართვაზე მზადყოფნა მთავრობისადმი ლოიალურმა ორმა ტელეკომპანიამ - „იმედმა" და „რუსთავი 2“-მა გამოთქვა.
„ეს დებატები სჭირდება საზოგადოებას იმისათვის, რათა ერთმანეთში გაარკვიონ ვის რა პოზიცია აქვს და ვინ უფრო მოსაწონია ამომრჩევლისთვის. საზოგადოებას სჭირდება იმისათვის, რათა თავისი პოლიტიკური პოზიცია არა ისტერიკაზე დაფუძნებული გარემოებებით ჩამოაყალიბოს, არამედ რეალურად გაერკვეს პოლიტიკური ჯგუფების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების გეგმებში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პოლიტიკოსი არ გამორიცხავს სირთულეებს და ბარიერებს დებატების გამართვის მოწინააღმდეგეების მხრიდან.
„აუცილებლად შეიქმნება სირთულეები, აუცილებლად იქნება ბარიერები ამ პროცესის განვითარების წინააღმდეგ აღმართული, მაგრამ პირველი ნაბიჯები, ამხელა სტაგნაციის პერიოდიდან, გადასადგმელია... შემდეგ კი იგი უფრო მნიშვნელოვან სეგმენტად იქცევა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის. თქვენ შეკითხვაზე პასუხი არის ცალსახა - ეს სჭირდება საზოგადოებას", - განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, პოლიტიკოსმა როგორც აღნიშნა, ყოფილ მმართველ პარტია„ნაცმოძრაობასთან“ რაიმე დებატის გამართვა მართებული არ არის.
„თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, არ გულისხმობს იმას, რომ ის ბრალდებები, რაც ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, არ გულისხმობს იმას, რომ ამ დანაშაულების ჩამდენ ადამიანთან ილაპარაკო, მით უმეტეს თუ წინაპირობებს აყენებენ", - განაცხადა ვოლსკიმ.
გუშინ, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და საჯარო დებატები გამართოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ თემაზე.
კერძოდ, მთავრობის მეთაური მზადაა უმაღლესი განათლების რეფორმის საკითხზე დებატებზე იმ სტუდენტებთან გამართოს, რომლებიც საქართველოს ორი უდიდესი უნივერსიტეტის - ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას აპროტესტებენ.
დებატებისთვის მზაობა გამოთქვა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ და საპარლამენტო პარტიამ „საქართველოსთვის“. დებატებისთვის მხოლოდ საკუთარი პირობებით - პირდაპირ ეთერში და დიალოგის ფორმატში - მზად არიან პარტია „თავისუფლების მოედნის“ წარმომადგენლებიც.