მსოფლიო დღეს

უიტაკერი: სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებისკენ პირველი ნაბიჯი იქნება

ელჩის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ პირველი ნაბიჯი იქნება, განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა.
„სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც არსებითად, პირველ ნაბიჯს წარმოადგენს, რთული დოკუმენტია. ის ეხება ტერიტორიებს, მათ საზღვრებს, თუ როგორ იმართება ისინი და როგორ იქნება დაცული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა უიტაკერმა Fox News-თან ინტერვიუში.
ამასთან, მან ოპტიმიზმი გამოთქვა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივებთან დაკავშირებით.
„მჯერა, რომ ახლა უფრო ახლოს ვართ (მიზანთან), ვიდრე ოდესმე...“, - აღნიშნა უიტაკერმა.
ელჩის თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება, მათი პირობები კი ჯერ კიდევ გასარკვევია.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გამოთქვა კმაყოფილება მოლაპარაკებების მიმდინარეობის გამო. იგი მიიჩნევს, რომ პროცესი ახლა წარმატებით შეიძლება გაგრძელდეს მისი მრჩევლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მონაწილეობის გარეშე.
უსაფრთხოების საკითხებზე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკებები, რომელშიც რუსეთის, აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, 23-24 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართა.
მოგვიანებით, უიტკოფმა განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რუსი მომლაპარაკებლები ნებისმიერ ფორმატში გააგრძელებენ კომუნიკაციას.
შემდეგი შეხვედრა 1-ელ თებერვალს არის დაგეგმილი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აღნიშნული რაუნდი ორმხრივი იქნება, თუმცა, შესაძლოა, მხარეებს ვაშინგტონის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.