პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ევროპარლამენტის დეპუტატმა ივანიშვილს, კობახიძეს და მმართველი პარტიის სხვა პოლიტიკოსებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. ევროპარლამენტარ მიხაელ გალერის მიერ ქართველი ლიდერების შესახებ გამოქვეყნებული პოსტი ან უნდა წაიშალოს, ან ბოდიში უნდა მოიხადოს, დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მიხაელ გალერმა სოციალურ ქსელში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველი პარტიის სხვა პოლიტიკოსებს მოუწოდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპული და არა საბჭოური საქართველოსკენ. გარდა ამისა, მან ივანიშვილსა და კობახიძეს „მოსკოვური ქმნილებები" უწოდა.
,,ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ ჩირქს სცხებს იმ ქვეყანას, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი”,- დაწერა პაპუაშვილმა.
დეპუტატმა გალერმა თავისი პოსტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების პასუხად გამოაქვეყნა, რომელშიც ექს-პრეზიდენტმა პარტია „ქართული ოცნება“ დაპატიმრებების, რეპრესიული კანონებისა და მუქარების ახალ ტალღაში დაადანაშაულა.
საქართველოს პარლამენტი აპირებს დაარეგისტრიროს ცვლილებების პაკეტი, რომელიც „გრანტების შესახებ" კანონს ამკაცრებს. პაკეტი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.