თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 7,5% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2025 წლის დეკემბერში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,2% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: გადამამუშავებელი წარმოების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და სასაწყობო მეურნეობის, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის სფეროებმა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%, 2024 წელს -9,4%.
რა გაიზარდა და რამდენით
2025 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ექსპორტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,2%-ით, იმპორტი კი 9,7%-ით გაიზარდა.
გასულ თვეში ქვეყანაში 6,1 ათასზე მეტი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 1,2%-ით მეტია 2024 წლის დეკემბერთან შედარებით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 11%-ით გაიზარდა და 18,7 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გადამამუშავებელ მრეწველობაში ზრდა სასურსათო პროდუქტების და სასმელების წარმოების ზრდას უკავშირდება.
დადებითი ტენდენციები დაფიქსირდა მეტალურგიულ ინდუსტრიაშიც, თუჯის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლებით.
ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში ზრდა დაკავშირებულია კომპიუტერული პროგრამების განვითარებასთან და IT და კომუნიკაციების საკონსულტაციო მომსახურების გაფართოებასთან.
ტვირთების დამუშავებისა და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებულია ტვირთბრუნვის ზრდასთან.
სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში ზრდა დაკავშირებულია მზა საკვების მიტანის სერვისების გაფართოებასთან.
საცალო ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებულია მსუბუქი ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვების გაფართოებასთან, ასევე გაიზარდა ბუნებრივი აირით საბითუმო ვაჭრობა, ასევე საკვები პროდუქტებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა.