ვის ერგო წელს საქართველოს ეროვნული პრემია

საქართველოს ეროვნული პრემია გაიცემა ყოველწლიურადю პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და 10.000 ლარი გადაეცემა.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს ეროვნული პრემია მიენიჭათ:
ლევან ჯაფარიძეს – სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისათვის: "მიწისქვეშა ნაგებობების მექანიკა", "მიწისქვეშა ნაგებობათა სამაგრის გაანგარიშება ზღვრულ მდგომარეობებზე", "მიწისქვეშა ნაგებობების ზღვრული საექსპლუატაციო მდგომარეობები";
ავტორთა ჯგუფს: როინ მეტრეველს, ვახტანგ გურულს, ლელა მიქიაშვილს, ვალერიანე ვაშაკიძეს, გიორგი ჭეიშვილს, ოთარ ჯანელიძეს, ჯონი კვიციანსა და ალექსანდრე დაუშვილს – სამეცნიერო მონოგრაფიული ნაშრომისათვის "კავკასიის ისტორია" (ორტომეული).
დაჯილდოვების ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატის დიპლომები, სამკერდე ნიშნები და შესაბამისი ფულადი თანხა გადასცა.
"აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი წვლილი ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვასა და განმტკიცებაში, რადგანაც, გარდა უდიდესი სამეცნიერო ღირებულებისა, თქვენი ნაშრომების ინტეგრირება შესაძლებელია საგანმანათლებლო პროცესში, როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე. ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში მომავალი თაობებისთვის ხარისხიანი განათლების მიღებისა და ქართული, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მყარ საფუძველს ქმნის", - განაცხადა მიზეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა და ის ხელშეწყობა, რომელიც მეცნიერებისთვის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს.
"ეროვნული პრემიის" იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობას, რომ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, დავაფასოთ ის საქვეყნო საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს ეროვნული პრემია პირს ენიჭება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად, არა უმეტეს ორისა, თითოეული 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. პირს, რომელიც მოიპოვებს პრემიას, გადაეცემა პრემიის ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და შესაბამისი ფულადი პრემია.
ეროვნული პრემია, როგორც წესი, ენიჭება საქართველოს მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პრემია შეიძლება მიენიჭოს უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს; პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ შესაბამისი ავტორიტეტისა და კომპეტენციის მქონე იმ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც საქმიანობენ მეცნიერების შესაბამის დარგში;
პრემიის მოსაპოვებლად შესაძლებელია ავტორთა ჯგუფის/თანაავტორთა წარდგენა; პრემია შეიძლება მიენიჭოს გარდაცვლილ ავტორს იმ შემთხვევაში, თუ მისი ნაშრომი გამოქვეყნდა საკონკურსო განაცხადების მიღების დასრულებამდე და აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილ პირობებს;
პრემიის მოსაპოვებლად წარდგენა დასაშვებია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნებისა და/ან მისი პრაქტიკული გამოყენების შემდეგ; დაუშვებელია ერთი და იმავე ნაშრომის განმეორებით წარდგენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ არ იქნა დაშვებული ტექნიკური ხარვეზის გამო.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დამტკიცებულმა საქართველოს ეროვნული პრემიის კომისიამ ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყო და 26 დეკემბერს დაასრულა.