საქართველოს რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსზე გადაზიდვების ექსკლუზიური უფლება მოიპოვა

მხარეებმა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. BTKI Railways ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთზე საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდვების ექსკლუზიური წარმოების უფლებას უზრუნველყოფს, განაცხადეს „საქართველოს რკინიგზაზე“.
საქართველოს და აზერბაიჯანის სარკინიგზო ოპერატორებმა 2024 წელს დააფუძნეს ერთობლივი საწარმო - BTKI Railways, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთის ექსპლუატაციასა და მართვაზეა პასუხისმგებელი.
შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, შპს BTKI Railways-ის გენერალურმა დირექტორმა ლევან კანკავამ და მიქაელ აბასოვმა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რადგან გაიზრდება კონკურენტუნარიანობა და გაძლიერდება საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები.
მხარეებმა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით თანამშრომლობენ „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.
ხელმოწერამდე გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენდირექტორი ლაშა აბაშიძე და აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვი.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა გახსნილია აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წ.) საფუძველზე. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის სარკინიგზო ქსელებს და აყალიბებს ერთიანს სატრანსპორტო დერეფანს ევროპასა და აზიას შორის.