საქართველო და კორეა სტრატეგიული პარტნიორები გახდებიან - შეთანხმების ხელმოწერის თარიღი

საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი - Sputnik. საქართველო-კორეის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და იურიდიული ჯგუფები მიმდინარე წელს ხელმოწერისთვის ტექსტის საბოლოო ფორმირებაზე მუშაობენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
ამის შესახებ გან განაცხადა სამხრეთკორეულ გამოცემა The Korea Herald-თან ინტერვიუში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს სტრატეგიულ როლზე გაამახვილა. მისი თქმით, საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საკვანძო დამაკავშირებელი რგოლია.
„ჩვენი მიზანია, ეს დერეფანი არა მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი, არამედ ყველაზე მოსახერხებელი გზაც გავხადოთ. საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია და კორეული კომპანიების ინტერესებში შედის, გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპაში ექსპორტისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
2025 წლის 21 ნოემბერს თბილისში კორეის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (KOTRA) ოფისი გაიხსნა. KOTRA არის კორეის სამთავრობო სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანას საზღვარგარეთ ვაჭრობასა და ინვესტიციებს. სააგენტოს 84 ქვეყანაში 129 წარმომადგენლობა აქვს გახსნილი.
გახსნის ცერემონიაზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და უფრო ღრმა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის.
საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოტენციალის რეალიზება მოითხოვს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ასევე კომუნიკაციების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და ფინანსური სისტემის განვითარებას.
საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროებში. 2020 წელს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.