იმერეთში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს

ინდმეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თერჯოლის რაიონის სოფელ ეწერში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, სახელმწიფო კონტროლის შედეგად ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, გამოვლინდა საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე.
უწყების ცნობით, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული 109 კგ ფრინველი (ქათამი) დაილუქა. ინდმეწარმე კი დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირები სახელმწიფო კონტროლს სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორებთან მთელი საქართველოს მასშტაბით უწყვეტად ახორციელებენ.
ფრინველთა არალეგალური სასაკლაოს გარდა, მიმდინარე წელს უკვე გამოვლენილია ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები და ყველის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები.