თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ეროვნულ არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია „წმინდა ნინო – საქართველოს განმანათლებელი“ გაიხსნა, რომელიც IV საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.
გამოფენის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის იმ უნიკალური ვიზუალური მემკვიდრეობისა და საარქივო დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც საქართველოს გაქრისტიანების ისტორიას ასახავს და ამ ეპოქალური მოვლენის უდიდესი მნიშვნელობის წარმოჩენა ქართველი ერის სულიერ, კულტურულ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნული არქივის ექსპედიციებში გადაღებული როგორც საქართველოში (თბილისი, წალენჯიხა, სეფიეთი, ბოჭორმა, ვარძია, ფარავნის ტბა, ბოდბე, შიომღვიმე, გელათი, უჯარმა, მცხეთა, სათხე), ისე უცხოეთში - აზერბაიჯანში (უდაბნო), თურქეთში (ანისი) გადაღებული ფოტოები, რომლებიც საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირდება.
ეროვნულ არქივში დაცულია ქართლის მოქცევასთან დაკავშირებული ხელნაწერები (გულანები, საისტორიო თხზულებათა კრებული), ისტორიული საბუთები (წმინდა ნინოს სახელზე ბოდბის მონასტრისთვის შეწირული სიგელები) და ფოტომასალა.
ექსპედიციებში გადაღებული ფრესკები XI-XVII, ხოლო ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთები XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება.
ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილია წმინდა ნინოსადმი მიძღვნილი ბროშურა. გარდა ამისა, ეროვნული არქივი წმინდა ნინოს შესახებ დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობს, რომელსაც საზოგადოებას წლის განმავლობაში შესთავაზებს.
ამავე თემას მიეძღვნება ეროვნული არქივის მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები საქართველოს გაქრისტიანების თემაზე უახლეს სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ.
ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გახსნეს.
კონფერენცია, რომელიც 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ხელს უწყობს ახალი სამეცნიერო კვლევების წახალისებას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების მჭიდრო კავშირსა და ეროვნული არქივის სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.
წმინდა ნინო - ქართველთა განმანათლებელი
საქართველოში ნინოობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 1 ივნისს, წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს. წმინდანი სიღნაღში, ბოდბის მონასტერშია დაკრძალული და დღემდე მის საფლავთან უამრავი მორწმუნე მიდის, დღემდე აღესრულება წმინდანის საფლავთან უამრავი სასწაული.
წმინდა ნინო დაახლოებით 280 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა — ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა — სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.
მას შედეგ, რაც ნინოს მამამ გადაწყვიტა მიეტოვებინა ოჯახი, წასულიყო მონასტერში და აღკვეცილიყო ბერად, სოსანა 12 წლის შვილთან ერთად იერუსალიმში მიდის ძმასთან.
პატრიარქმა იუბენალმა სოსანა ავადმყოფი და დავრდომილი ქალების მომვლელად დაადგინა, 12 წლის ნინო კი მოხუც ქრისტიან ქალს სარა ნიფორელს მიაბარეს აღსაზრდელად. ძიძა გოგონას ხშირად უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების შესახებ. ნინომ აღმზრდელისგან შეიტყო, რომ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ მაცხოვრის კვართი ქართველ ებრაელებს ხვდათ წილად.
მარიამი, რომელმაც აკურთხა და უთხრა, რომ წასულიყო ჩრდილოეთის ქვეყანაში, რომელიც იყო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა და ექადაგა ჭეშმარიტება. ხილვის დასრულების შედეგ ნინოს ხელში ვაზის რტოებისგან აწყობილი ჯვარი ეპყრა, რომელსაც თავისი თმა მოახვია.
საქართველოს მიწაზე ფეხი წმინდა ნინომ 319 წელს დადგა. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა.
წმინდა ნინო ქალაქ მცხეთაში, მეფის მებაღის ცოლთან დასახლდა. ხშირად ლოცულობდა და მისი ლოცვით უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას, მრავალი სნეული განიკურნა, უშვილო ოჯახებს შვილი მიეცათ. წმინდანის შესახებ ბევრმა გაიგო.
ერთხელ დედოფალი ნანა მძიმედ ავად გახდა და მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვით გახდა შესაძლებელი მისი განკურნება. ნანა დედოფალმა მალევე ირწმუნა ნინოს ღმერთის არსებობა, მაგრამ მეფე მირიანი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლად რჩებოდა.
ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა ვეზირებთან ერთად (გადმოცემის მიხედვით, მეფე ნადირობდა სოფელ აღაიანის მიდამოებში). უეცრად ძალიან ძლიერი სიბნელე ჩამოწვა. მეფემ თავის წარმართ კერპებს მოუხმო, რათა ამ გასაჭირიდან ეხსნათ, მაგრამ როდესაც მიხვდა, რომ დროს ტყუილად კარგავდა, გაახსენდა წმინდა ნინო და მეფემ თქვა — „ღმერთო ნინოისო, რომელი ხარ ჭეშმარიტი ღმერთი, განმინათლე ბნელი ესე ჩემზედა მოხვეული და გამოაბრწყინვე ნათელი, რათა აღვიარო სახელი წმიდა შენი და გადიდებდე“. არემარე მაშინვე განათდა.
გახარებული მეფე მირიანი დაბრუნდა დედაქალაქ მცხეთაში და ყველას ახარა ამ სასწაულის ამბავი. სწორედ მეფე მირიანის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად. ბიზანტიიდან მოიწვიეს მღვდლები და ეპისკოპოსი, მეფის ბრძანებით აკურთხეს არაგვი და გაიმართა საყოველთაო ნათლობა — ერი გაქრისტიანდა, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. საქართველოს ეკლესია თვლის, რომ ეს მოხდა 326 წელს.
ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, დღემდე საქართველოშია და სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული.