თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ყოფილი მაღალჩინოსანი საპატიმრო დაწესებულებას თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. ამასთან, პროკურატურის მოთხოვნით, ღუდუშაურს ჩამოერთმევა პირადობის მოწმობა და პასპორტიც.
პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარე და თავად ბრალდებული ილია ღუდუშაური.
„აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნა 500 ათასი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი. მისთვის წარდგენილი ბრალი ნალებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადის, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება კანონიერია", - განაცხადა ღუდუშაურის ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
საქმის პროკურორ დავით კაპანაძის განცხადებით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.
„დღეის მდგომარეობით, ბრალდებულის სტატუსი მხოლოდ ილია ღუდუშაურს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდებულთა წრე არ გაფართოვდება გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ნებისმიერი სამართლებრივი გადაცდომის გამოკვეთის შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან მყისიერი რეაგირება მოჰყვება”, - განაცხადა პროკურორმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ილია ღუდუშაური 26 იანვარს დააკავა. მას ბრალდება სახელმწიფო - პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დღეს წარედგინა.
ღუდუშაურის საქმე
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 27 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ 70 ერთეულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა პრეტენდენტმა და გამარჯვებულად გამოვლინდა ყველაზე დაბალი ფასის წარმდგენი კომპანია. თუმცა, ბრალდებულმა რომელიც მოქმედებდა ტენდერში მონაწილე შედარებით მაღალი ფასის წარმდგენი კომპანიის სასარგებლოდ, ხელოვნურად შექმნილი საფუძვლით, უკანონოდ შეწყვიტა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი.
2023 წლის 10 მაისს, მისივე მითითებით გამოცხადდა ახალი ტენდერი, შეცვლილი პირობებით, რომელიც მორგებული იყო ერთ კონკრეტულ პრეტენდენტზე და რომლის ხელმძღვანელობასთანაც ბრალდებულს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა.
შედეგად, ტენდერი ჩატარდა სხვა კომპანიების მონაწილეობისა და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. გამარჯვებულად გამოცხადდა წინასწარ შერჩეული კომპანია, რომელსაც წარდგენილი შედარებით მაღალი ფასის გამო, სამინისტრომ მინიმუმ 2 138 000 ლარით მეტი გადაუხადა.
„ბრალდებულის ამ ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები“, აღნიშულია ინფორმაციაში.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება სახელმწიფო- პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ) წარედგინა.