საპარლამენტო უმრავლესობას „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შეაქვს

კირცხალიას განმარტებით, დაწესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე დაზუსტდება გრანტების განმარტება, ასევე, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება გარე ლობიზმი.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს მოამზადებს, რომლითაც გრანტის განმარტება დაზუსტდება, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
2025 წლის აპრილში პარლამენტმა გაამკაცრა „გრანტების შესახებ“ კანონი, რომლის მიხედვითაც უცხოური გრანტის მისაღებად საჭიროა მთავრობასთან არსებული ანტიკორუფციული ბიუროს თანხმობა. საუბარია საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული ან სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის), საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის, უცხო ქვეყნის მთავრობის ან მისი წარმომადგენლობის, ასევე საწარმოს გრანტებზე. უცხოური გრანტების რეესტრი 10 ივლისს ამოქმედდება. მთავრობის ინსტრუქციის თანახმად, საქართველოში გრანტების მისაღებად საჭირო იქნება გარკვეული პროცედურის გავლა და სპეციალური ფორმის შევსება.
კირცხალიას განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დაწესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე დაზუსტდება გრანტების განმარტება, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება გარე ლობიზმი.
გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.
კანონით დგინდება იმ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირის ცნება, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა.
ზუსტდება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიმღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაითვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება.
თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს, მათ შორის, იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალს გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას - ჯარიმის სახით უკანონოდ მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით.
სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილების მიხედვით:
„გრანტების შესახებ“ კანონით დადენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.
კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას. ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე
კირცხალიას განმარტებით, კანონმდებლობაში ცვლილებები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით შედის, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად.
მისი თქმით, საქართველოში რევოლუციურ პროცესებს USAID, NED, EED და სხვა უცხოური ფონდები აფინანსებდნენ. ამ ყველაფერს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საბოლოოდ ახადა ფარდა, როდესაც მან ამერიკული ფონდები სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობასა და სისტემურ კორუფციაში ამხილა და ამ საფუძვლით დახურა.
„დღევანდელი მოცემულობით, უცხოეთიდან საქართველოში არეულობის, ძალადობისა და რევოლუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული. თუმცა, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები, კანონების გვერდის ავლის გზები, რომელთა გამოყენება ჩვენს ქვეყანას უდიდესი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნებული მშვიდობის, სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის დაკარგვად შეიძლება დაუჯდეს", - განაცხადა კირცხალიამ.