ჩხაიძე: საქართველოსთვის „ნიპაჰის" ვირუსი საფრთხეს არ წარმოადგენს

„ნიპაჰის“ საწინააღმდეგო ვაქცინა ან მედიკამენტი არ არსებობს. მკურნალობა მხოლოდ ცალკეული სიმპტომების დაკვირვებასა და მართვას მოიცავს.
Sputnik
ჰ,თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოში არ არსებობს კონკრეტული სახეობის ღამურები, რომლებსაც „ხილის ღამურებს" უწოდებენ და რომლებსაც „ნიპაჰის“ (Nipah) ვირუსი გადააქვთ, შესაბამისად, ეჭვი მაქვს ეს ვირუსი ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემა გახდეს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმოსავლეთ ინდოეთში მომაკვდინებელი „ნიპაჰის“ (Nipah) ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 100 ადამიანი უკვე გადაყვანილია კარანტინში, ხოლო დადასტურებულად ინფიცირებულები მკურნალობას კოლკატის კლინიკაში გადიან.
„ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმო მას განიხილავს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ვირუსს. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის (45-70%) განპირობება. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი“, - განაცხადა ჩხაიძემ.
რაც შეეხება სიმპტომებს, ექიმის განმარტებით, იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან.
„ეს ყველაფერი სწრაფად მიმდინარეობს, ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა, მოკვდეს ადამიანი. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს. ჯანმოს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ექიმი მიიჩნევს, რომ არანაირი საჭიროება არ არსებობს, საქართველომ ან სხვა ქვეყანამ შეზღუდოს ინდოეთიდან ტურისტული ნაკადი.
„ნიპაჰის“ ვირუსი არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, მის გადაცემას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი, ან დაინფიცირებული საკვების მიღება. ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა, ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის. ეჭვი მაქვს, ეს ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს“, -აღნიშნა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შესაძლებლობა არის პალმის წვენის დალევა, რადგან ის დაინფიცირებულია ღამურას გამონაყოფით, ან ნერწყვით.
„ნიპაჰის“ ადრეულ ეტაპზევე ამოცნობა რთულია, რადგანაც ამ პერიოდში მას კონკრეტული სიმპტომები არ ახასიათებს. როგორც წესი, პაციენტებს გრიპის მსგავსი ავადმყოფობა უვითარდებათ, რომელსაც სიცხე, ასევე თავის/კუნთების ტკივილი და მოთენთილობა ახლავს თან. ზოგ შემთხვევაში რესპირატორული სიმპტომებიც ვლინდება, მაგალითად, ხველა, ქოშინი ან პნევმონია.
ვირუსი ნიპაჰის (NiV – Nipah virus infection) გადამტანები ველურ ბუნებაში მფრინავი ღამურები არიან. ის უმძიმეს დაავადებას იწვევს ადამიანში, რომლისთვისაც ტვინის ანთება (ენცეფალიტი) ან რესპირატორული დაავადებებია დამახასიათებელი. ადამიანებს ის იმ ხილის მეშვეობით გადაეცემა, რომელზეც ავადმყოფი ცხოველის ნერწყვი რჩება. ვირუსი განსაკუთრებულად გადამდებია, მისი ვაქცინა და წამლები არ არსებობს, ლეტალობის დონე კი 40-75%-ს შეადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ნიპაჰს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად აფასებს.
ვირუსი ნიპაჰი, რომელიც 1999 წელსაა აღმოჩენილი, პირველად ინდოეთის შტატ დასავლეთ ბენგალიაში დაფიქსირდა 2001 და 2007 წლებში, შემდეგ კი 2018-2019 წლებში გამოვლინდა კერალის შტატში.