კალაძე ვანდალიზმის ფაქტებზე: მძიმე სანახავია, როდესაც ქალაქის ინფრასტრუქტურას აზიანებენ

თბილისი მერმა ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კანონის აღსრულების გამკაცრება დააანონსა.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. ჩვენი ქალაქის გასალამაზებლად დიდი თანხები იხარჯება და ამ დროს მიზანმიმართულად ხდება შენობების ფასადების, პარკებისა და სკვერების ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც დასანანია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრისას გადაცემაში „იმედის კვირა“.
მისი თქმით, როდესაც ზოგიერთი თანამოქალაქე აზიანებს ნაგებობებს, რომელიც შეიძლება იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შემდეგ ათეულობით მილიონი ლარია საჭირო იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ შენობა-ნაგებობებს დაუბრუნდეს პირვანდელი იერსახე.
„ეს ხომ ისევ ხალხის ფულია, ჩვენი მოქალაქეების ფულია, ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, მაშინ როდესაც შეგვიძლია აღნიშნული თანხები სხვა კარგი საქმეების გასაკეთებლად და პროექტების განსახორციელებლად მივმართოთ“, - აღნიშნა კალაძემ.
თბილისი მერმა ვანდალიზმის ფაქტებზე, კანონის აღსრულების გამკაცრება დააანონსა.
„ეს ქალაქი არის ჩვენი - ყველასი, ყველამ უნდა მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ, ჩვენი პატარა წვლილი შევიტანოთ ქალაქის განვითარებასა და გალამაზებაში. გადაწყვეტილებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მივიღეთ, შევძლებთ, რომ უფრო კარგი კოორდინაცია გავუწიოთ აღნიშნულ მიმართულებას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოქალაქეების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც გასულ კვირაში კალაძემ განაცხადა, ვანდალიზმის წინააღმდეგ თბილისის მუნიციპალიტეტთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება.
აქამდე ამ მიმართულებით კანონი მოქმედებდა, თუმცა, აღსრულების მხრივ, გარკვეული პრობლემები არსებობდა.
„ფიქსირდება ბევრი შემთხვევა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მიზანმიმართულად, ვანდალურად აზიანებს შენობების ფასადებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში ვანდალურად დაზიანების 5 ათასამდე ფაქტია დაფიქსირებული. მივმართავთ თხოვნით პარლამენტს, მოხდეს მისი გამკაცრება", - განაცხადა მერმა.
2023 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლებიც ვანდალიზმისთვის 300-500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიღებამდე ვანდალიზმი ადმინისტრაციულ სასჯელს არ ითვალისწინებდა. სისხლის სამართლის სამართალდარღვევად კი 150 ლარზე ზემოთ ღირებულების სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების დაზიანება ან განადგურება ითვლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა საერთოდ არ ეკისრებოდა.