მორიგე ჯგუფები აკონტროლებენ სიტუაციას: - რა ვითარებაა გზებზე თბილისსა და რეგიონებში

საავტომობილო გზის გარდა, იწმინდება ტროტუარები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და საზოგადოებრივი გაჩერებები
Sputnik
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ინტენსიური თოვის პარალელურად იწმინდება თბილისის გზები, იყრება ტექნიკური მარილი, უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ, განაცხადა დედაქალაქის მერიის თბილსერვის ჯგუფის" გენდირექტორმა გიორგი პაპავამ.
მისი თქმით, საავტომობილო გზის გარდა, იწმინდება ტროტუარები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები - სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.
„მთელი თბილისის მასშტაბით, როგორც შემოერთებულ ტერიტორიებზე, ასევე თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, გუშინ სამჯერ, ზოგან ოთხჯერაც კი დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე საწმენდი საშუალებით გაწმინდა. ყველა თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული. ყველა პერიმეტეზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას და ამის მიხედვით ხდება სპეცტექნიკის გამოძახება და ობიექტის დასუფთავება თოვლისა და ყინულისგან", - განაცხადა პაპავამ.
როგორც პაპავამ აღნიშნა, დღეს დილით, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშრუტებზე გავიდა, ყველა ცენტრალური ქუჩა იყო გახსნილი, ხოლო 10:00 საათისთვის მეორე და მესამეხარისხოვანი გზები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დედაქალაქში თოვლიანი ამინდი 20 იანვრამდე შენარჩუნდება.