რა ელის საქართველოს ეკონომიკას 2026 წელს - პროგნოზი

ანალიტიკოსების პროგნოზით, ეკონომიკურ აქტივობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს მთავრობის კაპიტალური ხარჯების 9,4%-იანი წლიური ზრდა და მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელი შერბილება.
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები 2026 წელს საქართველოში ფასების 3%-ით, ხოლო მშპ-ის 6%-ით ზრდას პროგნოზირებენ.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2025 წლის ნოემბერი 2024 წლის ნოემბერთან) 4,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%), 2025 წლის ოქტომბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 6% შეადგინა.
„ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%- მდე შენელდება 2025 წლის მოსალოდნელი 3.9%-ის შემდეგ, რაც შესაძლებელს გახდის სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.5%-მდე შეამციროს 2026 წლის განმავლობაში“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
არსებული პროგნოზით, ინფლაციის მნიშვნელოვანი შენელების პროცესი 2026 წლის მარტიდან დაიწყება, რასაც მეტწილად ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებში ფასების ზრდის ტემპის შენელება განაპირობებს საბაზო ეფექტის გავლენით.
2025 წელს საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა მაღალი ზრდის ტემპი და 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში რეალური მშპ 7.6%-ით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ 5.8 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.0%-ით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს სოლიდური სავალუტო შემოდინებების გაგრძელება (განსაკუთრებით ტურიზმიდან, რომლის შემოსავალიც 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, ჩვენი შეფასებით), ლარის სტაბილურობა და ინფლაციის ტემპის შენელება, რაც სამომხმარებლო და საინვესტიციო განწყობებზე პოზიტიურად აისახება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
დამატებით, ეკონომიკურ აქტივობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს მთავრობის კაპიტალური ხარჯების 9.4%-იანი წლიური ზრდა და მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელი შერბილება.
ანალიტიკოსების პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა 5.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
ანალიტიკოსების საბაზისო სცენარში, ლარი 2026 წელს ზოგადად სტაბილური იქნება იმ ძირითადი დაშვებების გამო, რომ: 1) სავალუტო შემოდინებების ზრდა გაგრძელდება, 2) მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5%-ზე დაბალ დონეზე იქნება, და 3) დოლარი გლობალურად სუსტი დარჩება.
მათი პროგნოზით, ლარი 2026 წელს საშუალოდ აშშ დოლარის მიმართ დაახლოებით 2.7-ის, ხოლო ევროს მიმართ 3.13-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
„ამასთან, 2025 წელთან შედარებით ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების დაგროვების შედარებით ზომიერმა ტემპმა შესაძლოა ლარის კურსის გამყარების დინამიკაზე იქონიოს გავლენა", - ნათქვამია 2026 წლის ეკონომიკურ პროგნოზებში.
საქართველოს მთავრობა 2026 წელს ეკონომიკის ზრდას 5%-ის დონეზე პროგნოზირებს. ანალოგიურ პროგნოზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც იზიარებენ.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად მზარდია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იყო 10,6%, 2022 წელს - 10,4%, 2023 წელს - 7,8%, ხოლო 2024 წელს - 9,4%.