ჩვენი ეკონომიკა 5 წლის განმავლობაში საერთაშორისო პროგნოზებს აჭარბებდა - მინისტრის მოადგილე

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო 2026 წელს მშპ-ს ზრდის დონით სამხრეთ კავკასიაში ლიდერობას შეინარჩუნებს.
Sputnik
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები პროგნოზირებდნენ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 2025 წლის ნოემბერში 7,2%-ს შეადგენდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 10.6% იყო, 2022 წელს - 10.4%, 2023 წელს - 7.8%, ხოლო 2024 წელს - 9.7%.
„ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ. ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ აღნიშნული ტენდენცია,“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობის მთავარი მიზანია, მომდევნო წლებშიც შენარჩუნდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესებას.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის მოხსენებას, რომელმაც 2025 და 2026 წლებისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დადებითისკენ გადახედა.
მისი თქმით, მიმოხილვაში 2025 წლის ეკონომიკური ზრდა გაზრდილია 1,5%-ით, და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2025 წელს ეკონომიკურმა ზრდამ მსოფლიო ბანკის მოლოდინებს გადააჭარბა.
როგორც ცინცაძემ აღნიშნა, 2026 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც ზრდის მიმართულებით გადაიხედა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 5,5 პროცენტი იქნება. საქართველოს 2026-2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 1,6 - ჯერ აღემატება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მსოფლიო ბანკი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 5,5%-ის დონეზე ვარაუდობს. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო 2026 წელს მშპ-ს ზრდის დონით სამხრეთ კავკასიაში ლიდერობას შეინარჩუნებს.