თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ფრანგულ კომპანია Groupe ADP-თან შოთა რუსთველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
2025 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაახლოებით 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 13%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას.
„ხელშეკრულების ფარგლებში, Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV-ი აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, 150 მლნ დოლარის ინვესტიცია თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, ფრანგული Groupe ADP-ის წევრია.
TAV Georgia, რომელიც TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, საქართველოში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში 230 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.
ახალი აეროპორტი
მთავრობის გეგმის თანახმად, ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მლნ მგზავრს შეადგენს.
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს.
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.