თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
ავტომანქანაში მყოფი 21 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.