ADSW-ის სამიტი: პრემიერი 170-მდე ქვეყნის ლიდერს სიტყვით მიმართავს

წლევანდელი, რიგით მე-18 სამიტის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები.
Sputnik
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) ფარგლებში, 170-მდე ქვეყნის ლიდერს სიტყვით მიმართავს, განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან.
სამიტი, რომელიც გუშინ, 13 იანვარს გაიხსნა და 15 იანვარს დასრულდება, არაბთა გაერთიანებული საამიროების მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრმა, სულთან აჰმედ ალ ჯაბერმა გახსნა. ღონისძიებას დაესწრო არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, რომელმაც ზაიედის მდგრადობის პრიზის სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ჟორჟოლიანის თქმით,პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, დაკავშირებადობა, შუა დერეფანი, ენერგოდამოუკიდებლობა და ა.შ.
„აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა დიალოგის ფორმატში. პრემიერი ისაუბრებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორიც არის ანაკლიის პორტი, ასევე დაკავშირებადობა, შუა დერეფანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ისაუბრებს ენერგეტიკის მიმართულებაზე. ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მდიდარი არის წყლის, მზის და ქარის ენერგიით, შესაბამისად, ენერგეტიკის განვითარება, განახლებადი ენერგიების წარმოება არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად, უკვე გამართა რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.
აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, რომლის მთავარი თემაა თანამშრომლობა, ინვესტიციები და ინოვაციები, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, ბიზნესლიდერები, ახალგაზრდა ინოვატორები და პოლიტიკოსები მონაწილეობენ.
პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.