მოსაზრება: იანვრის „ორეშნიკი“ დასავლეთს „ცხელ ზამთარს“ უქადის

Sputnik
არაბირთვული „ორეშნიკის“ შედარებით თავშეკავებულმა დარტყმამ ლვოვის ოლქზე, ნატოს საზღვართან ახლოს, მთელი ევროპა შეძრა. აშკარა გახდა, რომ რუსეთი საკუთარ დაპირებებს ასრულებს და აღწევს დასახულ მიზნებს, მიუხედავად მანძილისა, გარემოებებისა და დასავლელი ლიდერების რიტორიკისა. ნატოს ქვეყნებს, მათ შორის აშშ-ს, ჰიპერბგერითი ტაქტიკური დარტყმების გასანეიტრალებლად ეფექტიანი საშუალებები არ აქვთ.
9 იანვარს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მასირებული დარტყმა განახორციელეს მაღალი სიზუსტის მქონე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით, სახმელეთო და საზღვაო ბაზირების, მათ შორის „ორეშნიკის“ სარაკეტო კომპლექსით, კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანდა უპილოტო აპარატების წარმოების ობიექტები, გამოყვანილია მწყობრიდან ლვოვის სახელმწიფო საავიაციო-სარემონტო ქარხანა, ასევე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. მიღწეულია არაერთი ნაკლებად თვალსაჩინო მიზანიც.
10 იანვარს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართულ თათბირზე, სტრატეგიული სარაკეტო ძალების სარდალმა სერგეი კარაკაევმა განაცხადა, რომ „ორეშნიკს“ შეუძლია ობიექტების განადგურება მთელ ევროპაში, რაც მას სხვა ტიპის მაღალი სიზუსტის მქონე, შორ მანძილზე მოქმედი იარაღისგან გამოარჩევს. აღსანიშნავია, რომ საბრძოლო მოქმედების რადიუსი (დაახლოებით 5500 კმ) მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება. რუსეთის სპეციალური ოპერაციის განმავლობაში „ორეშნიკი“ მხოლოდ ორჯერ გამოიყენეს (პირველად — 2024 წლის შემოდგომაზე, დნეპროპეტროვსკში მდებარე „იუჟმაშის“ ქარხანაზე), თუმცა, დასავლეთში ეჭვი არ ეპარებათ მის ეფექტიანობაში, სიზუსტესა და საიმედოობაში.
კაპუსტინ იარის პოლიგონიდან გაშვებული „ორეშნიკის“ ჰიპერბგერითი რაკეტა დაახლოებით13 ათასი კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა და ნატოს რადარებისთვის შეუმჩნეველი დარჩა. სამიზნე განადგურებულია სტარტის წერტილიდან 1500 კმ-ზე მეტ მანძილზე, დაახლოებით 900 მეტრის სიღრმეზე, სწორედ იქ, სადაც მდებარეობს ბილჩე-ვოლიცკო-უგერის უმსხვილესი გაზსაცავის მთავარი კოლექტორის ფენა. მსგავსი საინჟინრო ობიექტები ადრე მიუღწევადად მიიჩნეოდა.
აფეთქდა და დაიწვა „სამი კონტინენტის გაზის“ დიდი მარაგები. ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ ოპერატიულად დაადასტურა ქალაქ სტრიასთან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაზიანება: „ზიანი საშინელია, თუმცა არა ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო… ეს აშშ-ისა და ევროკავშირისადმი მკაფიო სიგნალია“. მართლაც, უნიკალური „ორეშნიკისათვის“ სამიზნეების გასანადგურებლად საკმარისია საბრძოლო ბლოკების კინეტიკური ენერგია. ბირთვული აღჭურვის შემთხვევაში, ერთ „ორეშნიკს“ შეუძლია მიიტანოს საბრძოლო ბლოკები საერთო სიმძლავრით900 კილოტონამდე — ეს 45 „ჰიროსიმას“ ტოლფასია.
დასავლეთი შოკშია: „ასეთი დარტყმა ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან ახლოს სერიოზული საფრთხეა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის და გამოცდაა ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისთვის“. კიევმა, ლატვიის, ლიბერიის, დანიის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით, მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. განსაკუთრებულ ინტერესს ვაშინგტონის პოზიცია იწვევს.
აშშ-მა რუსეთისგან წინასწარი შეტყობინება მიიღო უკრაინაზე საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ, რათა ეს არ აერიოთ ნატოს ქვეყნებზე ბირთვული ინტერკონტინენტური რაკეტებით პრევენციულ დარტყმაში. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, „ორეშნიკით“ განხორციელებული ჰიპერბგერითი დარტყმის მთავარი, ნაკლებად თვალსაჩინო მიზანი არა ევროპის სუსტი „მსურველთა კოალიციის“ დაშინება, არამედ კონგრესში, თეთრ სახლში და პენტაგონში „ცხელი თავების“ დამშვიდებაა, გაფრთხილების სიგნალი. ამერიკელებმა ეს, უეჭველად, სწორად გაიგეს.
ჟურნალმა Military Watch-მა 12 იანვარს საგანგაშო შეფასება გაავრცელა:
„რაკეტის მოქმედების რადიუსი, დაახლოებით, 5500 კილომეტრია (წინა შეფასებების 4000 კილომეტრის ნაცვლად), რაც რუსეთისა და ნატოს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისთვის სერიოზულ სტრატეგიულ შედეგებს იწვევს. 5500 კილომეტრის რადიუსი „ორეშნიკის“ რაკეტას საშუალებას აძლევს, დაარტყას სამიზნეებს ვაშინგტონში, ჩიკაგოში და აშშ-ის კონტინენტური ნაწილის სხვა დიდ ქალაქებში, თუ გაშვება რუსეთის სულ უფრო მილიტარიზებული არქტიკული რეგიონებიდან განხორციელდება“.
ამერიკელებს ნაკლებად აღელვებთ ევროპელი მოკავშირეების მოწყვლადობა. მათ უფრო აშფოთებთ ის, რომ რუსეთმა წარმატებით განახორციელა „სწრაფი გლობალური დარტყმის“ ტექნოლოგია, რომელიც „აშშ-ის სტრატეგიულ შეკავებას“ ემსახურება. ჰიპერბგერითი „ორეშნიკი“ რუსეთს ანიჭებს პრიორიტეტულ შესაძლებლობას, განახორციელოს არაბირთვული დარტყმები ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე.
Military Watch აშკარად უკმაყოფილოა. მისი შეფასებით, თითოეულ „ორეშნიკის“ რაკეტას შეუძლია „აშშ-ის ტერიტორიაზე ექვს ობიექტზე ჰიპერბგერითი არაბირთვული დარტყმის განხორციელება... და ამით დაუპირისპირდეს ამერიკული საბრძოლო პოტენციალის მნიშვნელოვან ზრდას რუსეთის საზღვრებთან“. პოტენციურ სამიზნეებად ჟურნალი ასახელებს B-2 სტრატეგიული ბომბდამშენების ბაზირების აეროდრომებს (უაიტმენის ავიაბაზა მისურის შტატში) და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მსხვილ საწარმოებს (F-35-ის წარმოების ხაზი ფორტ-უორთში, ტეხასის შტატი). ამერიკელებს ასევე აშფოთებთ ჰიპერბგერითი რაკეტების შესაძლო მიწოდება რუსეთის მოკავშირეებისთვის. შეგახსენებთ, რომ ბელარუსის რესპუბლიკამ 2025 წლის დეკემბრის ბოლოს განაცხადა „ორეშნიკის“ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების განთავსებისა და საბრძოლო მორიგეობის დაწყების შესახებ საკუთარ ტერიტორიაზე.
მეორე მხრივ, ამერიკული ჰიპერბგერითი რაკეტები დღემდე მითების სფეროდ რჩება. თავად აშშ-ში „სწრაფი გლობალური დარტყმა“ უკვე სამი ათწლეულია, არსებობს მხოლოდ კონცეფციისა და შეფერხებული პროგრამების სახით. ამ მიმართულებით ნატოს ევროპული ქვეყნები არაკომპეტენტურები არიან. შემთხვევითი არ არის, რომ ჟურნალმა Foreign Policy-მ უკრაინას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ურჩია, „მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაეყრდნოს“, რადგან „გარე ძალების უსაფრთხოების გარანტიები ბევს არაფერს უზრუნველყოფს“. არაფერია უფრო უგუნური და სამარცხვინო, ვიდრე „ურფინ ჯუსის ხის ჯარისკაცების“ როლის შესრულება რუსეთთან ომში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე