კალაძე Eagle Hills-ის პროექტზე: პირდაპირ სახელმწიფოზე მიდის შეტევა

თბილისის მერის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. Eagle Hills-ის პროექტის გარშემო ბევრი ტყუილი ვრცელდება, პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის, რადგან გარკვეულ ძალებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
2025 წლის ოქტომბერში საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, საქართველო Eagle Hills-ის 6,6-მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„ვხედავთ, რამდენი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება აღნიშნული პროექტის გარშემო. ვიცით, რა ძალები გვებრძვიან როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება... ვფიქრობ, საზოგადოება თავად შეაფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვისაც, რომლებიც სამშენებლო სფეროში არიან ჩართული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტის პირდაპირი ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდაზე აისახება. მშენებლობის დაწყების დღიდან, ყოველწლიურად ბიუჯეტში გადასახადების სახით შევა საშუალოდ სულ მცირე 500 მლნ ლარი.
ოპოზიციაში კი ირწმუნებიან, რომ უმსხვილესი არაბული სამშენებლო კომპანია EMAAR Group-ის პროექტები საქართველოში ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და მწვანე შუქს უნთებს არაბების მასობრივ მიგრაციას საქართველოში.
გასული წლის დეკემბერში საქართველოს დედაქალაქში არაბული ინვესტიციებისა და უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ მოძრაობა „კონსერვატორები საქართველოსთვის" ორგანიზებით საპროტესტო აქციაც კი ჩატარდა. ათასობით ადამიანი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან შეიკრიბა, საიდანაც სამების ტაძრამდე მსვლელობა გაიმართა. შეკრებილთა უკმაყოფილება გამოიწვია არაბული კომპანია Eagle Hills-ის პროექტმა, რომელიც საქართველოში ინვესტირებას გეგმავს.
გარიგების დეტალები
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.