5 წლით პატიმრობა: პროკურატურამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

მთავრობის ყოფილ მეთაურს დამატებითი სასჯელის სახით ასევე დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
Sputnik
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით.
„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა ერთი მილიონი ლარის ოდენობით", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, მთავრობის ყოფილ მეთაურს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.
უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა.
2025 წლის ოქტომბერში საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალი წარუდგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.
შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.
ბრალდების დეტალები
ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც 2019-2024 წლებში იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს და წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირს, ეკრძალებოდა ნებისმიერი ტიპის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა და თანამდებობრივი სარგოს გარდა სხვა ანაზღაურების მიღება.
პროკურატურის ინფორმაციით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ეწეოდა სხვადასხვა ბიზნეს-საქმიანობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდა. მას, როგორც თანამდებობის პირს, შემოსავლებისა და ხარჯების დეკლარირება ევალებოდა.
ზემოთაღნიშნული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით ღარიბაშვილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. აღნიშნული გზით, წარმომავლობა ხელოვნურად შეექმნა მის მიერ კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ნაწილს - 830 ათას ლარს, რაც მოექცა ლეგალურ ბრუნვაში.
გარდა აღნიშნულისა, გამოძიების ცნობით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463.630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით 210 ათას ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელსაც საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება.
პარალელურად, მისი ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა ჯამში 3.670,172 ლარი.
ამავდროულად, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი მისი ნამდვილი ბუნებისა და წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დააკონვერტირა უცხოურ ვალუტაში, რის შედეგადაც მიღებული 6,5 მლნ აშშ დოლარი აღმოჩენილი და ამოღებული იქნა 2025 წლის 17 ოქტომბერს ღარიბაშვილის ბინის ჩხრეკის შედეგად.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.