თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. კომპანიის გარკვეული პროდუქტების გამოხმობა პოტენციური მინიმალური რისკების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება, განაცხადა შპს „Nestlé Georgia“-ს წარმომადგენელმა გიორგი ალადაშვილმა.
Nestlé Georgia ნებაყოფლობით ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ბავშვთა კვების პროდუქციის – მშრალი სწრაფად ხსნადი რძის ნარევების (NAN 1 და NAN 2) – შეზღუდული რაოდენობის პარტიათა უკან გამოხმობას.
„მითითებული პარტიებიდან პროდუქტის გამოყენების შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით საქართველოში მომხმარებლებისგან არცერთი მომართვა არ მიგვიღია. გამოხმობის გადაწყვეტილება მიღებული იქნა კომპანიის მიერ წინასწარი სიფრთხილის ზომის სახით, გლობალურად მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში. გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუყოვნებლივ მივაწოდეთ ინფორმაცია და ვთანამშრომლობთ მარეგულირებელ ორგანოსთან“, – განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.
საუბარია შემდეგ პროდუქტებზე და შეფუთვაზე მითითებულ პარტიებზე:
NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811;
გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, სააფთიაქო ქსელებში - „ავერსი“, ჯპს, „ფარმადეპო“, „პსპ“ - შეძენილი ყველა ეს პროდუქტი მომხმარებლებს შეუძლიათ დააბრუნონ ქსელის აფთიაქში და მიიღონ ფულადი კომპენსაცია.
მოთხოვნები დაბრუნებისას:
ჩეკი (თუ არსებობს)
შესაბამისი პარტიის ქილა (სავალდებულოა)
დაბრუნებას ექვემდებარება:
სრული, დახურული ქილები
დაწყებული (გამოყენებული) ქილები
ცარიელი ქილები (თუ იკითხება პარტიის ნომერი)
ადრე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ პროდუქციის ამოღების გადაწყვეტილება „ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო“, ხოლო „აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო განხორციელებული ღონისძიებები ატარებს პრევენციულ ხასიათს“.
Cereulide/ცერეულიდი არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ. თუ ბავშვმა მიიღო ამ ტოქსინით დაბინძურებული საკვები, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს. სიმპტომები, როგორც წესი, ვლინდება კონტაქტიდან 30 წუთიდან 6 საათამდე პერიოდში, ქრება 24 საათის განმავლობაში.
ბაზრიდან გამოთხოვა ხდება მხოლოდ მოცემული პარტიების, რომლებიც კომპანიის შეფასებით, შესაძლოა პოტენციურ რისკებს შეიცავდეს. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა არ ვრცელდება პროდუქციის სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებითაც კომპანია Nestlé წარმოდგენილია საქართველოში, ანიშნეს სააგენტოში.