რამდენმა მომხმარებელმა მიმართა კონკურენციის სააგენტოს საჩივრით 2025 წელს

სააგენტოს გადაწყვეტილებით, გასულ წელს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 183 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 288 საქმეზე.
Sputnik
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 2025 წელს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 1470 განაცხადი განიხილა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ახალი კანონი „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ ძალაში 2022 წლის 1 ივნისს შევიდა და არეგულირებს საქონლის შეძენა-დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
უწყების ინფორმაციით, შემოსული განცხადებების რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 65%-ით არის გაზრდილი და 5450 შეადგინა.
დასრულებული საქმეების 90% მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მათ 1 მლნ ლარზე მეტი აუნაზღაურდათ.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 183 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 288 საქმეზე.
GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 85 მოვაჭრეს - 139 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 135.955 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 182 საქმეზე - 161 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.
ამასთან, 2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 66% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 34% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 79 % თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 5 %, იმერეთი 4 %, კახეთი 2 %, ქვემო ქართლი 2 %, შიდა ქართლი 2 %, სამეგრელო - ზემო სვანეთი 2 % და სხვ.
2025 წლის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 465 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 484, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 273, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 112, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 46, ხოლო სხვა დანარჩენზე - 90.
სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 5%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობები - 10%-ს.
მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში საჭიროა განაცხადის სპეციალური ფორმის შევსება და გაგზავნა ელექტრონული ფოსტის მისამართზე: consumer@gcca.gov.ge.
უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე"- 15 20.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთან, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.
12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.