თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ Marinera-ის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას, ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და მათი დაკავების ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას ახორციელებს.
სააგენტო ღია წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერ Marinera-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში არის 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟის წევრები არიან უკრაინის 20 და რუსეთის ორი მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით.
თავდაპირველად, გემი გაიანას დროშის ქვეშ კერძო სავაჭრო კომპანიის მიერ იყო დაქირავებული. აშშ-ის სანაპირო დაცვის გემმა მოითხოვა, რომ „მარინერს“ გეზი აშშ-ის პორტისკენ აეღო, რადგან ვაშინგტონს გაიანას ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება, რომ ქვეყანამ გემს თავისი დროშა მიანიჭა.
გემი არ დაემორჩილა მოთხოვნას, კურსი შეიცვალა და ვენესუელის სანაპიროდან ატლანტის ოკეანისკენ გაემართა. კაპიტანმა გზად ტანკერის სახელი შეცვალა და სოჭის პორტის კაპიტანისგან რუსეთის დროშის ქვეშ დროებითი რეგისტრაცია მიიღო.