თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ილია მეორის ღვაწლით ეკლესია კვლავ ქართველი ხალხის სულიერი საყრდენი და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველია.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს გულითადად ვულოცავ დაბადების დღეს. ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მოღვაწეობა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ასაღორძინებლად ჩვენს განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს. მისი უწმინდესობის ღვაწლით ეკლესია კვლავ ჩვენი ერის სულიერი საყრდენი და ქართული სახელმწიფოებრიობის მყარი საფუძველია", - აღნიშულია მისალოც წერილში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისი უწმინდესობის მრავალწლიან სულიერ წინამძღოლობასა და მოღვაწეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მშვიდობის, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცისა და ერთობისთვის.
„განსაკუთრებით დასაფასებელია მისი წვლილი საზოგადოებაში შემწყნარებლობის, თანხმობისა და სიყვარულის გაძლიერებაში.ჩვენს პატრიარქს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და დიდხანს მსახურებას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ", – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.
ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
ჯერ კიდევ სამი წლის ირაკლი შიოლაშვილი-ღუდუშაური, ღვთის განგებით, სამთავროს მონასტერში ქართველი ერის სათაყვანებელი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს შეხვედრია და პატრიარქისგან პატარა ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.
გიორგი შიოლაშვილის შვილები თავიდანვე ეკლესიურ გარემოში იზრდებოდნენ. ოჯახი წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. გიორგის შინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე მეორე ეკლესია მოუწყვია. ერთ ქადაგებაში კათოლიკოს-პატრიარქი დიდი სიყვარულით იხსენებს ამ დროს.
24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა.
იმავე წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში იეროდიაკონი ილია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდეს ალექსი I-ის მიერ ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად.
1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს — არქიმანდრიტის ხარისხში.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.
საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში სულ 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი. ილია მეორის აღსაყდრების დღიდან გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი. დღეისათვის ქვეყანაში 46 ეპარქია, 47 ეპისკოპოსია პატრიარქის ჩათვლით, 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერი და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონია.