სირთულეებით სავსე, მაგრამ წარმატებული - პრემიერმა 2025 წლის შედეგები შეაჯამა

კობახიძემ მოქალაქეებს 2026 წელს ბედნიერება და პროგრესი უსურვა
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით და გასული წლის შედეგებს ვაჯამებთ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 2026 წლის მილოცვაში.
„ახალი წელი არის დღესასწაული, რომელსაც ოცნებების ასრულებისა და მიზნების შესრულების იმედით ვეგებებით. სწორედ ამას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს - ოცნებების ახდენას და ყველა დასახული მიზნის მიღწევას“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელი იყო სირთულეებით სავსე, თუმცა, ამავდროულად წარმატებული საქართველოსთვის.
„გასულ წელს, ჩვენ კიდევ უფრო განვამტკიცეთ საქართველოში მშვიდობა, განვამტკიცეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, გავაძლიერეთ ქართული ეკონომიკა, რომელიც ისტორიაში პირველად 100 მილიარდს გადასცდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
ასევე, მისი თქმით, გასული წელი იყო გარდამტეხი სახელმწიფო მმართველობის სისტემის დახვეწისა და სამართლის უზენაესობის გამტკიცების თვალსაზრისითაც.
„2025 წელს ჩაყრილი საფუძველი ქმნის იმის მყარ წინაპირობას, რომ მომავალი წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
მან აღნიშნა, რომ 2026 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებული იყო.
„მომავალ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს. ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რწმენას, არამედ კულტურასაც განსაზღვრავს“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ქრისტიანობის ერთგულებამ, ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობამ მოგვცა შესაძლებლობა, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად, საუკუნეების მანძილზე სახელმწიფოებრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა შეგვენარჩუნებინა.
„ქრისტიანობის ღერძი სიყვარულია, სიყვარული კი, თავის მხრივ, არის ნებისმიერი ადამიანისა თუ სახელმწიფოს სიძლიერის საფუძველთა საფუძველი, ამიტომ ყველას გისურვებთ მეტ სიყვარულს, ყველას გისურვებთ მეტ სიკეთეს, გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წინსვლას ახალ, 2026 წელს“ - მიმართა კობახიძემ საზოგადოებას.