ქვეყნის პირველმა პირებმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს

შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეებს ახალი წელი მოდბის მონასტრიდან მიულოცა
Sputnik
თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცეს.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, 2025 წელს ქართველებმა მათთვის დამახასიათებელი სიმტკიცე გამოავლინეს და ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესები დაიცვეს.
„2025 წელი ერთდროულად განსაცდელისა და სულიერი სიძლიერის წელი იყო. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა ჩვენთვის დამახასიათებელი უნიკალური ბუნება და სიმტკიცე, გაუძლო არნახულ ზეწოლას, დაიცვა ქვეყნის სუვერენიტეტი და ეროვნული ინტერესი, რაც იდენტობის, რწმენისა და ტრადიციების გადარჩენას ნიშნავს. სწორედ ამ განწყობითა და სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარულით ვეგებებით 2026 წელს", – აღნიშნა ყაველაშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა აფხაზ და ოს დებს და ძმებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის ზრუნავენ და ასევე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას.
"ძვირფასო მეგობრებო, გისურვებთ თითოეულ თანამემამულეს და თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას, ერთიან, ძლიერ, სამართლიან და მშვიდობიან საქართველოში. ყოველთვის გვქონოდეს რწმენა, რომ ერთად ნებისმიერი სირთულის დაძლევას შევძლებთ. გილოცავთ დამდეგ 2026 წელს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!", – ნათქვამია პრეზიდენტის საახალწლო მილოცვაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეებს ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ "დასრულდა სირთულეებითა და წინააღმდეგობით აღსავსე 2025 წელი, რომელიც ისტორიული და გამორჩეული აღმოჩნდა".
"ეს იყო წელი, რომელმაც მკაფიოდ განსაზღვრა საქართველოს სახელმწიფოებრივი არჩევანი და ეროვნული პრიორიტეტები. განვლილ წელს ჩვენმა ქვეყანამ გაუძლო გადამწყვეტ წნეხს, რომლითაც სცადეს საქართველოს სუვერენული უფლებების შეზღუდვა, ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება და სხვისი გეგმებისთვის ჩვენი დაქვემდებარება", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2026 წელი იქნება წელი, რომელიც გახდება ათვლის ახალი წერტილი და დაიწყება შენების ახალი ეტაპი.
"ეს შენება უნდა დაეფუძნოს ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას და, ამავე დროს, უზრუნველყოს თანამედროვე, ეპოქის შესაბამისი ეროვნული იდენტობის მკაფიო გამოკვეთა. მსოფლიომ ნათლად უნდა გაიგოს, თუ ვინ ვართ, სად ვდგავართ, რა გვამოძრავებს, რას ვიცავთ და რას ვაშენებთ. ყველამ უნდა იცოდეს, რანი ვიყავით გუშინ, რანი ვართ დღეს და რანი ვიქნებით ხვალ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, 2026 წელს საქართველო აღნიშნავს განსაკუთრებულ თარიღს - საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს, რაც ისტორიული უწყვეტობის, სულიერი ღერძის და ცივილიზაციური როლის კიდევ ერთი ხაზგასმაა.
"სწორედ ამიტომ, ბოდბის მონასტრიდან გილოცავთ ახალი, 2026 წლის დადგომას. ვიყოთ და ვიცხოვროთ ერთობით, რადგანაც ძალა ერთობაშია!" - განაცხადა პაპუაშვილმა.