2026 წლის დღესასწაულები და უქმე დღეები

2026 წელს საქართველოში 117 ოფიციალური უქმე დღე იქნება, მათგან 104 შაბათ-კვირებზე მოდის.
Sputnik
საქართველოს კანონმდებლობით, სადღესასწაულო კალენდარული უქმეები სხვა თარიღზე არ გადადის, შესაბამისად, 2026 წელს ქვეყნის მოსახლეობას ერთი დღით მეტი დასვენების დღე ექნებათ. 2026 წელს ოფიციალური სამუშაო დღე 248 იქნება.
ყველაზე გრძელვადიანი უქმეები ახალი წლის დღესასწაულებს ემთხვევა - საქართველოს მოქალაქეებს ზედიზედ შვიდი დღე ექნებათ დასვენებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული და სახელმწიფო დაწესებულებები 8 იანვრამდე ისვენებენ.
2026 წლის დღესასწაულები
1 და 2 იანვარი - ახალი წელი. ეს დღეები ოფიციალური დასვენების დღეებია. ახალი წლის ღამეს მნიშვნელოვანია, მეკვლის სტატუსით თუ ვინ გადმოაბიჯებს სტუმრის სტატუსით სახლის ზღურბლს. ეს განსაზღვრავს კეთილდღეობას და იღბალს მთელი წლის განმავლობაში.
2 იანვარი – ბედობა. საქართველოში, ისევე როგორც ძველად, ახლაც მიაჩნიათ, როგორი განწყობითა და ხალისითაც შეხვდებიან ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებენ, ამიტომაც ცდილობენ ეს დღე საინტერესოდ და მხიარულად გაატარონ.
7 იანვარი - ქრისტეშობა. მართლმადიდებლური დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღე. შობის ღამეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი საქართველოში ფანჯარასთან სანთელს ანთებს. ეს არის ქრისტეს ნათელის სიმბოლო, რომელიც ყველას ნათელს ჰფენს. ამ დღეს იმართება სადღესასწაულო მსვლელობა „ალილო“.
14 იანვარი - სახელმწიფო დროშის დღე. ქვეყანაში ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა. დღესასწაული 2012 წელს დაფუძნდა. საქართველოს დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ფერის ხუთი ჯვარია გამოსახული, რაც იესო ქრისტესა და ოთხი მახარობლის სიმბოლოს წარმოადგენს.
14 იანვარი – უფლის წინადაცვეთა. მართლმადიდებლური ეკლესიის ხუთი დიდი დღესასწაულიდან ერთ-ერთი, არ არის დასვენების დღე.
19 იანვარი - ნათლისღების დღესასწაული. ნათლისღებაასევე სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურად დასვენების დღედაა გამოცხადებული.
27 იანვარი – ნინოობა. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია მოციქულთა სწორი ქალწულის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს – „ნინოობას“ აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველად უფლის მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში სწორედ წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება.
15 თებერვალი – უფლის ხსენება.12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი, ეს არ არის დასვენების დღე.
3 მარტი - დედის დღე. სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დრე. დედის დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა ფაქტობრივად ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც, ისევე, როგორც საბჭოთა დღესასწაულების უმეტესობა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაუქმდა
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე, სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღე. 8 მარტმა დღესასწაული სტატუსი 2002 წელს დაიბრუნა.
5 აპრილი - ბზობა. დიდმარხვისმეექვსეკვირადღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.
7 აპრილი – ხარება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარება. მართლმადიდებლური ეკლესიის 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი, არ არის უქმე დღე.
9 აპრილი - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნის დღე. ეს თარიღი უქმე დღეს არის გამოცხადებული.
10-13 აპრილი – აღდგომის უქმეები. სააღდგომო დასვენების დღეები წითელ პარასკევს იწყება, რომელიც 2026 წელს 10 აპრილს ემთხვევა და მთავრდება 13 აპრილს – მიცვალებულთა ხსენების დღეს.
12 აპრილი - აღდგომა. იგი ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი რელიგიური დღესასწაულია. აღდგომის დღესასწაული იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება, რაც ბიბლიური ისტორიისა და ქრისტიანობის საფუძველია. ქრისტიანები ერთმანეთს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების დღეს ულოცავენ სიტყვებით „ქრისტე აღდგა! — ჭეშმარიტად აღდგა!“
15 აპრილი - სიყვარულის დღე. სიყვარულის დღე დაწესდა 1993 წელს ჟურნალისტისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლის ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით, როგორც ევროპული „ვალენტინობის“ ალტერნატივა. დროთა განმავლობაში, დღესასწაულმა ქვეყანაში დამკვიდრება დაიწყო და მას დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ, განსაკუთრებით ახალგაზრდები. არ არის უქმე დღე.
6 მაისი - გიორგობა. 6 მაისი წმინდადიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. იგი უქმე დღედ არ არის გამოცხადებული.
9 მაისი - გამარჯვების დღე. ეს დღე ოფიციალური უქმე დღეა. ამ დღეს საქართველო ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს. მრავალი წლის განმავლობაში მთავარი ღონისძიებები ვაკის პარკში იმართებოდა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი მდებარეობს. 2022-2023 წლებში, ვაკის პარკში მასშტაბური სარემონტო სამუშაოების გამო, ზეიმი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის პარკი) გადაიტანეს.
12 მაისი - საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 12 მაისს წმიდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების და ღვთისმშობლისთვის საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე ქვეყანაში სახელმწიფო დღესასწაულადაა გამოცხადებული და ოფიციალურად უქმე დღეა.
14 მაისი – თამარობა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს ქართველების ერთ-ერთ საყვარელ, წმინდანად შერაცხულ თამარ მეფეს მოიხსენიებს. საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი და გაბრწყინებული, როგორც თამარის მეფობის ხანაში — 1184-1213 წლებში. თამარ მეფემ ყველაფერი გააკეთა, რომ ქრისტიანობა სრულიად საქართველოს რელიგია ყოფილიყო. ქართულმა ეკლესიამ ამ ზრუნვისა და გულუხვობისთვის თამარი წმინდანად შერაცხა და 14 მაისი დაადგინა მისი ხსენების დღედ.
22 მაისი – ნიკოლოზობა. წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის დღე. უქმედ არ არის გამოცხადებული. მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს აღნიშნავსაღმოყვანებასნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან იტალიის ქალაქ ბარში, რომელიც 1087 წელს შედგა.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულია და ოფიციალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული.
31 მაისი – პოლიციის დღე. დღესასწაული 2010 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დააწესა.
1 ივნისი – ნინოობა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 1 ივნისს წმინდანის საქართველოში შემოსვლის დღეს ზეიმობს. ეს დღეს უქმედ არ არის გამოცხადებული.
12 ივლისი – ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ამ დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულს – პეტრე-პავლობას აღნიშნავს.
15 ივლისი – მართლმადიდებლური ეკლესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს — ვლაქერნობას აღნიშნავს. ამჟამად ვლაქერნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართი — ზუგდიდში, ისტორიულ მუზეუმში. მორწმუნეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 15 ივლისს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანი სცენ მას.
16 ივლისი – გერგეტობა, ღვთაებრივი სიყვარულის დღე აღინიშნა. ეს დღე უქმე არ არის.
12 აგვისტო –დიდგორობა, ანუ დიდგორის ბრძოლის დღე, როცა დავით აღმაშენებლის მებრძოლებმა თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი დაამარცხა.
28 აგვისტო – მარიამობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება. საქართველოში მარიამობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ვინაიდან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანად მიიჩნევა.
14 ოქტომბერი –მცხეთობა-სვეტიცხოვლობა. ქრისტესკვართსა და მირონმდინარე სასწაულმოქმედ ცხოველმყოფელ სვეტს ეძღვნება. 14 ოქტომბერი სახელმწიფო დღესასწაული და ოფიციალური უქმე დღეა. ამ დღეს რელიგიური დღესასწაულის ცენტრი მცხეთა და სვეტიცხოვლის ტაძარია.
23 ნოემბერი – წმიდა გიორგის ხსენების დღე, გიორგობა. წმიდა გიორგი ქვეყნის მფარველად მიიჩნევა და მისი ხსენების დღეს საქართველოში სახელმწიფო სტატუსი აქვს — უქმე დღედ არის გამოცხადებული.
13 დეკემბერი – საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე. ამ დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება. არ არის უქმე დღე.
17 დეკემბერი – წმინდა ბარბარეს ხსენების დღე, ბარბარობა. ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ. არ არის უქმე დღე.
19 დეკემბერი – ნიკოლოზობა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს – წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. ეს დღე უქმედ არ არის გამოცხადებული.