რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო მონაცემები

საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები ინტენსიური თოვის გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება.
ზვავსაშიშროების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ88 (ოფიტარა-ლენტეხი) მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე, საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.