ჩხაიძე: საქართველოში ამ ეტაპზე გრიპის ვირუსის სამი სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს და ის მოსახლეობისთვის სრულად უფასოა.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ამჟამად გრიპის ვირუსის სამი სხვადასხვა ვარიანტი ცირკულირებს, მათგან ყველაზე მეტი - 65% არის ე.წ. ჰონგ-კონგის გრიპი, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მედიკოსის განცხადებით, გასულ წელს გრიპის შემთხვევების მსგავსი სიჭარბე თებერვალში დაფიქსირდა, ახლა კი გრიპი გაცილებით ადრე გახდა დომინანტური ვირუსი. მისი განმარტებით, ამის მიზეზი H3N2-ია (A ტიპის ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი), რომელმაც ივნისში მუტაცია განიცადა და იოლად გადამდები გახდა.
„ბოლო კვირების განმავლობაში ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპი დომინანტურია. გავრცელების მხრივ მეორე ადგილზეა H1N1 ანუ ე.წ. ღორის გრიპი, 1% კი B ტიპის გრიპია. სამივე ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო კომპონენტი შედიოდა იმ ვაქცინაში, რომელიც ქვეყანაში იყო და 4 კომპონენტს შეიცავდა“, -განაცხადა ჩხაიძემ.
ექიმის ინფორმაციით, ერთ თვეზე მეტია გაორმაგებულია იმ ბავშვების რაოდენობა, რომელიც მიმართავენ რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტს. მისი განმარტებით, მიმართვიანობის მიზეზი ძალიან ბევრ შემთხვევაში არის გრიპის ვირუსის გართულება ფილტვის ანთების სახით.
„მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს: ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს. პირველივე დღიდან, როდესაც ტემპერატურა მაღალია, ბავშვს ძლიერი თავის ტკივილი აქვს, ყელის ტკივილი, სახსრების და საკვებზე უარს ამბობს, პირველივე დღიდან საქმის კურსში ჩააყენეთ ოჯახის ექიმი და მან გადაწყვიტოს, რამდენად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და ანტივირუსული პრეპარატის დაწყებას“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ვაქცინისა და მომსახურების ღირებულება სრულად იფარება სახელმწიფოს მიერ და უფასოა ნებისმიერ ამცრელ დაწესებულებაში.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ბოლო მონაცემებით, უკვე აცრილია 150 ათასზე მეტი ადამიანი.