თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 4,6 მლრდ დოლარამდე ზრდას ვარაუდობენ.
კომპანიამ გააუმჯობესა წინა - ივლისის პროგნოზი, რომლის თანახმად, 2025 წელს საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 4,5 მლრდ დოლარს მიაღწევდა.
„ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2025 წელს 4,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს და 2026 წელს 4,9 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება“, - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2025 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წინა წელთან შედარებით 3,7%-ით გაიზარდა და 305 მლნ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, კომპანიის შეფასებით, მიმდინარე წლის 11 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 4,4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 4,9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, იგი 7,3%-ით გაიზარდა და 4,4 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.