საქართველოში თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა შეწყდა

თხილი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციაა, რომლის 70%-ზე მეტი ევროკავშირის ქვეყნებში გადის.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან თხილის მწარმოებელი ფერმერების დახმარების პროგრამას აღარ დააფინანსებს.
თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა როგორც მცირე, ისე მსხვილი ფერმერული მეურნეობების დახმარებას, საქართველოში 2022 წლის ნოემბერში ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში ყველა ფიზიკური პირი, რომლის მფლობელობაში ან სარგებლობაშია 0,2-დან 3 ჰექტარამდე ფართობის თხილის პლანტაციები, სახელმწიფოსგან 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით სუბსიდირებას იღებდა. პროგრამის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონი ლარი იყო.
„ჩვენ არ შეგვიძლია ფერმერებს მუდმივად რაღაც მივცეთ, არა?! ეს არ არის ყურძენი ან მოსავლის ჩაბარება... ეს იყო გარკვეული დახმარებატექნიკის შესაძენად და ა.შ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გრძელდება პროგრამა, ეს იმიტომ ხდება, რომ თავდაპირველად ის ერთწლიანი პროგრამა იყო, რომელიც სამ წელს გაგრძელდა და დასრულდა“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
მისი თქმით, პროგრამის მიზანი მიღწეულია.
„დღეს თხილის დეფიციტი არ არის. როგორც ჩანს, თხილის ფასი საკმაოდ კარგია“, - განაცხადა კაკაურიძემ.
საქართველოდან 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ექსპორტზე 24,7 მლნ დოლარის ღირებულების 2,9 ათასი ტონა თხილი გავიდა.
2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის ღირებულება 36%-ით გაიზარდა და 1 კგ-ზე 8,46 დოლარი შეადგენა, რაც 39 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამ პერიოდში ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნების ბაზრებზე - იტალიაში (1000 ტონა), გერმანიაში (302,1 ტონა), ესპანეთში (197 ტონა) და ჩეხეთში (119,4 ტონა).
გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ქართული თხილი გავიდა სომხეთში (119,7 ტონა), რუსეთში (117,5 ტონა), თურქეთში (111,2 ტონა) და სხვა ბაზრებზე.