თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან, მაჰმუდ ადიბთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, ყაველაშვილმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა დიდი ისტორიის მქონე ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამყარებისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისათვის.
პრეზიდენტმა მაჰმუდ ადიბს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ახალი ელჩის აქტიური ჩართულობით საქართველო-ირანის ურთიერთობა კვლავაც დინამიკურად განვითარდება.
საქართველომ და ირანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.