მშვიდობის პოლიტიკა პრიორიტეტად რჩება - თბილისის მერი 2026 წლის გეგმებზე

საერთაშორისო ვითარებაზე საუბრისას, კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოზეც აისახება.
Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 2026 წლის გეგმებიდან ყველაზე მთავარი არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, ეს არის მშვიდობის პოლიტიკა, მშვიდობის შენარჩუნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედის კვირა”.
კალაძის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტის ზრდა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან და სტაბილურობის შენარჩუნებასთან.
„დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდება, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება? ეს ხდება იმის ხარჯზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, გვაქვს ქალაქისთვის მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტები“, - განაცხადა კალაძემ.
2026 წლის ძირითად ინიციატივებს შორის მერმა გამოყო ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რომელიც დიდ დიღომს დიდუბის მეტროსთან დააკავშირებს. კალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეს პროექტი დედაქალაქში ტრამვაის აღორძინებას ჩაუყრის საფუძვრლს.
ასევე პრიორიტეტულია მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლება. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ახალი ვაგონების შესყიდვა დამთავრებულია და მათი შემოყვანა 2026 წლიდან უკვე ეტაპობრივად განხორციელდება.
დედაქალაქის ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ავარიულ ლიფტების პრობლემას. კალაძემ აღნიშნა, რომ მერიამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყველა ავარიული ლიფტი იქნება ჩანაცვლებული, მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების თვალსაზრისით, კომფორტულობის კუთხით და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერია გეგმავს საბაგირო გზების პროექტების განხორციელებას, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას შეასრულებენ, ასევე მრავალფუნქციური ცენტრების მშენებლობას.
საერთაშორისო ვითარებაზე საუბრისას, კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რაც რა თქმა უნდა საქართველოზეც აისახება.
„ამიტომ დაწყნარებას ვუსურვებ მსოფლიოს, მშვიდობას ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს კეთილდღეობას, განვითარებას, ჯანმრთელობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
თბილისის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი 23 დეკემბერს დაამტკიცა. ბიუჯეტის ჯამური მოცულობა 2.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 219 მილიონი ლარით მეტია და მოიცავს ინფრასტრუქტურული, სოციალური და ურბანული პროექტების დაფინანსებას.