საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა

კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეხუთედ აღიარეს (2020, 2021, 2022, 2023, 2025), რაც რეკორდული მაჩვენებელია.
Sputnik
თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგები.
დაჯილდოების ღონისძიება თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა.
საუკეთესო ფეხბურთელები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე
ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე
წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი
ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ.
17-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:
ოქროს მედალი – ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი“, ფოთი)
ვერცხლის მედალი – ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი“)
ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი („იბერია“ თბილისი)
19-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:
ოქროს მედალი – საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“)
ვერცხლის მედალი – გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“)
ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია“ თბილისი).
მიმდინარე წელს ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად მოიგო: საფრანგეთის ჩემპიონატი (ლიგა 1), საფრანგეთის თასი და სუპერთასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფინალში ითამაშა - კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის ფინალებში გოლები გაიტანა. ამას გარდა, „ნაპოლისთან“ ერთად ნახევარი სეზონი ჩაატარა და სერია A-ს მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეხუთედ აღიარეს (2020, 2021, 2022, 2023, 2025), რაც რეკორდული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის (2023) ჯილდოც აქვს მიღებული.