თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩანა (ბაჩო) ახალაიას ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბაჩო ახალაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 25 დეკემბერს დააკავეს. მას საგამოძიებო უწყება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.
უწყების ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ ტექნიკური მობილური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით დააორგანიზა და პირადად ხელმძღვანელობდა პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის და სხვა პირების დანაშაულებრივ ქმედებებს.
„კერძოდ, მათი მხრიდან ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებების გაკეთების და სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის პროცესს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, პაატა ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავამ და ირაკლი ნადირაძემ, ბაჩანა ახალაიას უშუალო ხელმძღვანელობით და ორგანიზებით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ საჯარო მოწოდებები გააკეთეს.
„მათივე განცხადებებით, ისინი ერთობლივად დაამხობდნენ სახელმწიფო ხელისუფლებას, რისთვისაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მასობრივი ჩაბმის და გაერთიანების აუცილებლობაზე საუბრობდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს ბრალდებულებმა და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების დაორგანიზება გადაწყვიტეს, რასაც ხელმძღვანელობდა და ორგანიზებას უწევდა ბაჩანა ახალაია. იმავე დღეს თავისუფლების მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს პაატა ბურჭულაძემ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც უნდა დაეკავებინათ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები და განეხორციელებინათ სხვადასხვა ძალადობრივი ქმედებები.
ბაჩანა ახალაიას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლით ( ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით "ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა" დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.