საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ფასები დაიწევს - პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა სურსათის ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატის ზრდა შესაძლოა კარტელურ შეთანხმებაზე მიუთითებდეს
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დისტრიბუტორებთან და ქსელური მარკეტების წარმომადგენელთან მუშაობის, ასევე ფასწარმოქმნის საკითხის შესწავლის შედეგად ფასების შემცირებას მიაღწევს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ადრე, საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა სურსათის ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და შესაძლოა კარტელური გარიგებების ნიშნები არსებობდეს. თებერვალში ფასების ზრდას დროებითი საპარლამენტო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლიან. ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ სურსათის ფასების საკითხები.
„ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ამის გამო მივმართე ერთი მხრივ, სამართალდამცველ სტრუქტურებს, მეორე მხრივ, ვთხოვე საქართველოს პარლამენტს, გამოეყენებინა საკუთარი ბერკეტები. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მაქსიმალურად სიღრმისეულად შევისწავლოთ საკითხი, სად არის ფასების შემცირების რესურსი და ამაზე მომზადდება სიღრმისეული დასკვნა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ ფასების შემცირებას იმ პროცესების საფუძველზე, რომელიც მალე დაიწყება და მალევე უნდა დასრულდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება იმუშავებს როგორც სადისტრიბუციო კომპანიებთან, ასევე უშუალოდ სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან იმისათვის, რომ ფასების შემცირებას მიაღწიოს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.