თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავება უნდა განიხილებოდეს არა როგორც რიგითი კრიმინალური ინციდენტი, არამედ როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი, რომ სახელმწიფო გადავიდა აქტიურ მოქმედებაზე და ადასტურებს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი, მიაჩნია ანალიტიკოსსა და „ხალხის ძალის“ წევრს, დავით ქართველიშვილს.
ახალაია, რომელსაც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე შტურმის ხელმძღვანელობა ედება ბრალად, ხუთშაბათს დააკავეს. სუსის მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალაია არ ესწრებოდა საპროტესტო აქციას, ის ახორციელებდა ხელმძღვანელობას ონლაინ რეჟიმში სახლიდან ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით, რასაც IP-მისამართები ადასტურებს. სუსის მონაცემებით, ახალაია მთელი საპროტესტო აქციის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის განმავლობაში უკავშირდებოდა ოპოზიციის ლიდერებს, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს.
„ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ასევე არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი - ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა“, - დაწერა ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში.
მან აღნიშნა, რომ სუსის მიერ ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით ჩატარებული ოპერაცია ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, საუბარია კონკრეტულ ეპიზოდებზე, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეებსა და დესტაბილიზაციის მცდელობებს უკავშირდება. სახელმწიფო არ დაელოდა ვითარების უკონტროლო ფაზაში გადასვლას და წინმსწრებად იმოქმედა.
ქართველიშვილის თქმით, ეს საქმე ამსხვრევს მითს „სუსტი ხელისუფლების“ შესახებ და წარმოაჩენს ფუნქციონირებად სახელმწიფოს, სადაც ძალოვანი და სამართლებრივი ინსტიტუტები მოქმედებენ ზედმეტი ხმაურისა და ოპოზიციური ისტერიის გარეშე.
„ახალაიას დაკავება ასევე მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები, ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ, მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის - არც ახლა და არც მომავალში“, - წერს დავით ქართველიშვილი.
თავის მხრივ, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ახალაიას დაკავება დროის საკითხი იყო. მისი თქმით, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობის მონაწილეები პრიმიტიულად მოქმედებდნენ და არ არის გამორიცხული, კვალი სხვა ცნობად სახეებამდეც მივიდეს.
„დარწმუნებული ვარ, შიშით ელოდებიან ამ მომენტს. ზოგიერთს ხომ ამბოხის ტალღაზე „თეთრი ცხენით“ სურდა ცოტა ხნის წინ დატოვებულ პრეზიდენტის რეზიდენციაში დაბრუნება“, - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოს გია აბაშიძის თქმით, 4 ოქტომბერს ახალაიას ხელმძღვანელობით მთავრობის ძალადობრივი გადატრიალების მცდელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზედმიწევნით ზუსტი მუშაობის შედეგად გამოვლინდა.
„ფაქტია, რომ ვერც ერთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი, როცა საქართველოს ჰყავს საიმედო, პატრიოტული და სუპერ პროფესიონალი სპეცსამსახურები და სამართალდამცველი სტრუქტურები“, - წერს აბაშიძე.
მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა წამობრივი სიზუსტით წარმოადგინა აქტიური კომუნიკაცია ორგანიზატორებს შორის და მათი ქმედებები აღკვეთა.
„სპეცსამსახურის გადასაწყვეტია თუ რა ოდენობის აუდიო თუ ვიდეო მტკიცებულებებს წარმოადგენენ საზოგადოებისთვის სასამართლომდე“, - განაცხადა მან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შტურმის მცდელობა
4 ოქტომბერს თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა. შაბათს, საღამოს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლის შენობის შტურმით აღება სცადეს და ამ ფორმით „ხელისუფლების ხალხისთვის გადაცემა“ დაიწყეს.
სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირების შედეგად 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 15-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
შსს-ს ცნობით, პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის აქციის ხუთი ორგანიზატორი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე და პაატა მანჯგალაძე.
გამოძიება სსკ-ის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების, მასობრივი არეულობის ორგანიზების, სხვისი საკუთრების დაზიანებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისკენ მოწოდების მუხლებით მიმდინარეობს.