თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. თუ დადგინდება, რომ ბიზნესი მიზანმიმართულად მოქმედებდა, საკუთარი ვიწრო ბიზნეს ინტერესების დასაცავად და საქართველოს მოსახლეობის საზიანოდ, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა სურსათის ფასების ზრდის შესწავლის აუცილებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია და შესაძლოა კარტელური გარიგებებს ჰქონდეს ადგილი. თებერვალში ფასების ზრდას დროებითი საპარლამენტო კომისია და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეისწავლიან. ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განიხილონ სურსათის ფასების საკითხები.
„საზოგადოებას ვპირდებით, რომ თითოეული კომპონენტის შესწავლა მოხდება. თუ გამოიკვეთება, რომ ბიზნესი შეგნებულად, მონოპოლიურად, კარტელურ გარიგებებს ახორციელებდა საკუთარი ვიწრო ბიზნესინტერესების გამო, მაგრამ მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება“, - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, ფასებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იქნება მიღებული არა ბიზნესზე ზეწოლისთვის, არამედ მოსახლეობის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
დეპუტატის თქმით, ფასებთან დაკავშირებით ნამდვილად არსებობს პრობლემები, რომლებიც გადაჭრას მოითხოვს.
„გადაწყვეტილებები იქნება არა ზეწოლისთვის, ბიზნესის დასახურად ან შანტაჟისთვის, არამედ იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ბიზნესმა თავისი საქმიანობა აწარმოოს და მიიღოს მოგება, მაგრამ მეორე მხრივ, ტვირთი არ იყოს მოსახლობაზე იმის გამო, რომ ბიზნესს აქვს შესაძლებლობა სურსათის მიმართულება სრულად აკონტროლოს“, - - განაცხადა მახაშვილმა.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს იმის შესახებ, რომ საგადასახადო პოლიტიკაა ცუდი, ხოლო დღგ მაღალია, მახაშვილის თქმით, ეს აბსურდული განცხადებებია.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოში საგადასახადო პოლიტიკა 2005 წლის შემდეგ პრაქტიკულად არ შეცვლილა.
„საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა, მაგრამ მაინც ფასების პრობლემა იყო. ამ ეტაპზე, საგადასახადო პოლიტიკის ნაწილში არანაირი ცვლილება არ იგეგმება. საპარლამენტო მოკვლევის დროს ყველა დეტალი გაირკვევა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ახალი ინიციატივა ფასების გადახედვის შესახებ იქნება დარტყმა ბიზნესისთვის და წარმოადგენს ქსელური მარკეტების შანტაჟის მცდელობას საზოგადოების დასამშვიდებლად, პრობლემის გადაჭრის ნაცვლად.
საქართველოში წლიური ინფლაცია (2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე პერიოდისთვის) 5,2% იყო, მიზნობრივი მაჩვენებელი კი 3% არის. ფასების ყველაზე დიდი ზრდა, 11,7%-ით, საკვებსა და გამაგრილებელ სასმელებზე დაფიქსირდა.