თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობა ფოკუსირდა მოქალაქეთა ინტერესებთან პირდაპირ კავშირში მყოფ საკითხებზე, მათ შორის ფასების კონტროლზე, რამაც ოპოზიციის მწვავე რეაქცია გამოიწვია, - დაწერა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა არჩილ გორდულაძემ სოციალურ ქსელში.
წინა დღეებში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სასურსათო პროდუქტებზე ფასებს შეისწავლის. მან თხოვნით მიმართა პარლამენტს, რათა ქართულ ქსელურ მარკეტებში მაღალი ფასების საკითხის შესასწავლად შექმნას საპარლამენტო კომისია. პრემიერმა საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებსაც, რადგანაც მისი თქმით, სასურსათო მაღაზიებში ფასნამატი საშუალოდ 86%-ია, რაც, შესაძლოა, კარტელური გარიგების არსებობაზე მიუთითებდეს. რითეილ-ასოციაცია და სასურსათო ქსელური მარკეტების უმეტესობა სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი დიალოგის გზით დეტალურად განიხილოს საქართველოში ფასების ფორმირების საკითხები.
„ირაკლი კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, რაც ხალხის საჭიროებიდან გამომდინარეობს, მათ შორის ფასებს. ვნახეთ, როგორი ისტერია დაიმართეს ნაცებმა, როგორ თუ ფასებზე შეხება გაბედეთ, ამით ბიზნესს უტევთო“, - დაწერა გორდულაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ ბრალდებები ბიზნესზე შეტევის შესახებ ეს ცალკე ისტორიაა. მთავარი საკითხი კი კარტელურ გარიგებებს უკავშირდება:
1.
დისტრიბუტორთა ასოციაციის მოქმედი ხელძღვანელები ნაცკლასტერის ჩვეულებრივი აქტივისტები არიან და დღეს დიდი ენთუზიაზმით აორგანიზებდნენ პრემიერის საწინააღმდეგო განცხადებებს.2.
„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს სისხლის სამართლის კოდექსში გაუქმდა 195-ე მუხლი მონოპოლიური საქმიანობის და კონკურენციის შეზღუდვის შესახებ, რაც კარტელური გარიგებებისთვის პირობებს ქმნიდა.გორდულაძის თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, ამ პრაქტიკასთან ბრძოლის ნაცვლად სისტემას საკუთარი სარგებლისთვის იყენებდნენ.
„ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები იმის ნაცვლად, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ საშინელი მემკვიდრეობის აღმოფხვრაზე ეზრუნათ, თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ და აგენტებს ნაცების საწინააღმდეგოდ კი არა, მათი და ნაცების საერთო ბიზნესების და შესაბამისი პიარდაზღვევების დალაგებაზე ზრუნავდნენ“, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ერთადერთი აგენტია, რომელიც „ირაკლი კობახიძემ ბოლომდე გაშიფრა და მამუკა მდინარაძემ დაიჭირა! რა თქმა უნდა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლით, რომელზეც ზუსტად აგენტობის გამო ფიქრობდა, რომ შერჩებოდა!“
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, საზოგადოებამ მომხდარიდან დასკვნები თავად უნდა გამოიტანოს.
ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო კორუფციული სკანდალების ტალღამ მოიცვა. დაკავებულთა შორის არიან ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე.
კორუფციაში ბრალდებულებს შორისაა ასევე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც აღიარა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უკანონოდ იღებდა შემოსავალს, გადაიხადა გირაო და სასამართლოს გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე ელოდება.