აშშ-ის მთავრობა საქართველოს 10 მილიონი დოლარის გრანტს გადასცემს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმების ფონზე, საქართველო აშშ-ის გრანტის მიღებაზე დათანხმდა.
Sputnik
თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრანტის სახით 10 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელს გადასცემს.
აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილი გრანტების მოწონების შესახებ განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
შესაბამისი განკარგულება „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, აშშ-ის მთავრობისგან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გრანტით განსაზღვრული 10 431 459,90 დოლარის ღირებულების კავშირგაბმულობის საშუალებებისა და სხვა სახის საქონელს მიიღებს.
2025 წლის აპრილში ძალაში შესული საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი გრანტის მიღებისთვის საჭიროა მთავრობის თანხმობა.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გრანტი არის გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის მიმღებისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები ფულადი ან ნატურალური ფორმით, რომლებიც გამოიყენება კონკრეტული ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური, სასოფლო-სამეურნეო განვითარებისა და სოციალური პროექტების, აგრეთვე სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განხორციელებისათვის.
გრანტად მიიჩნევა აგრეთვე, გრანტის მიმღებისთვის გაწეული ტექნიკური დახმარება ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპეტიზის გაზიარების ან/და სხვა სახის დახმარების ფორმით, ან ფულადი ან ნატურალური ფორმით, უსასყიდლოდ გადაცემული ის სახსრები, რომლებიც თავისი ბუნებით გრანტია, მაგრამ გაცემულია მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგების საფუძვლით.
ქართული კანონმდებლობით უცხოური გრანტის გამცემად (დონორად) მიიჩნევა საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
ოქტომბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილი გაუგზავნა. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის პასიურობა "საზოგადოებაში იწვევს დაბნეულობას და ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რამდენად თავისუფალი, გულწრფელია ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით". მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან განახლება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ზოგიერთი ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა თავს იკავებს მაღალი დონის შეხვედრებისგან და შემოიფარგლება კონტაქტებით საელჩოს მეშვეობით.