თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას სასურსათო პროდუქტებზე ფასების შესწავლასთან დაკავშირებით.
დღეს, პრემიერმა თხოვნით მიმართა პარლამენტს, რათა ქართულ ქსელურ მარკეტებში მაღალი ფასების საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია. ირაკლი კობახიძემ საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებსაც.
„მისასალმებელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა სასურსათო პროდუქტების საცალო ფასები, რაც მოქალაქეთა პირველადი ზრუნვის საგანია“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილის ინფორმაციით, საკითხის შესწავლა დაწყებულია, ჩატარებულია კვლევა, გამოკვეთილია პრობლემური წერტილები და დაწყებულია პროცესი.
„ერთ-ერთ მიმართულებად დასახელდა საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეაც, როგორც ღია, საჯარო ფორმატი, რათა აუდიტორიამ დაინახოს საცალო პროდუქციის ფასთა ფორმირების პროცესი და ამ პროცესის შესაძლო ხარვეზები. ღია, დემოკრატიული პროცესი განაპირობებს ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელსაც ესმის და ჩართულია საჭირბოროტო საკითხების შესახებ დისკუსიაში და მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც პრემიერმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. მისი თქმით, მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, რაც პროდუქტის ფასებზე ისახება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად ითანამშრომლებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რათა თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირება მოხდეს.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით - ე.წ. ქსელის ქეშბექი, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. ამასთან, კობახიძის თქმით, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები, შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება.
ეს, საქართველოში მაღალ ფასებთან დაკავშირებით მთავრობის პირველი განცხადება არ არის. 2020 წელს მთავრობამ პირველადი მოხმარების რიგ პროდუქტების ფასებზე ზედა ზღვარი დააწესა, რომლებიც 2021 წელს მოიხსნა.