თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში სავაჭრო სფეროსში პროდუქციის მიწოდების ჯაჭვებში ფასნამატი საკმაოდ მაღალია - პროდუქციის თვითღირებულებიდან დახლამდე საშუალო ფასნამატი, დაახლოებით, 90%-ს შეადგენს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ხელისუფლებამ სასურსათო პროდუქტებზე ფასები შეისწავლოს. მან თხოვნით მიმართა პარლამენტს, რათა ქართულ ქსელურ მარკეტებში მაღალი ფასების საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია. კობახიძემ საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებსაც.
ცინცაძის ინფორმაციით, შესადარებელ პროდუქტებზე ღირებულება საქართველოში 20%-დან 180%-მდე უფრო მაღალია ევროპულ ქსელურ მარკეტებთან შედარებით.
„აღნიშნული გამოწვევა არახალია და მხოლოდ საქართველოში არ ფიქსირდება, მსგავსი ტიპის გამოწვევები არსებობდა მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც და მას სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა ადეკვატური მექანიზმებით უპასუხეს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საკითხი სიღრმისეულად შევისწავლოთ, რათა გამოწვევას შესაბამისი ადეკვატური მექანიზმებით ვუპასუხოთ“, – განაცხადა მინისტროს მოადგილემ.
როგორც ცინცაძემ აღნიშნა, ადგილობრივ მწარმოებლებს უჭირთ ქსელურ სავაჭრო მარკეტებში შესვლა, რასაც ის სახელშეკრულებო პირობები განაპირობებს, რომელსაც ქსელური მარკეტები მათ უწესებენ.
პრემიერმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. მისი თქმით, მოგების მაღალი მარჟის პირობებში კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, რაც პროდუქტის ფასებზე ისახება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად ითანამშრომლებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, რათა თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირება მოხდეს.
მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ფასების ზრდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით - ე.წ. ქსელის ქეშბექი, დისტრიბუტორებისთვის ან მწარმოებლებისთვის თანხის გადახდის დაგვიანება, მაღაზიების სიმრავლე და ახალი მაღაზიის გახსნის ხარჯის ასახვა ფასში და ა.შ. ამასთან, კობახიძის თქმით, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები, შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც, ბუნებრივია, დამატებითი ანალიზი ესაჭიროება.
ირაკლი კობახიძეს დღესვე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას
ეს საქართველოში მაღალ ფასებთან დაკავშირებით მთავრობის პირველი განცხადება არ არის. 2020 წელს მთავრობამ პირველადი მოხმარების რიგ პროდუქტების ფასებზე ზედა ზღვარი დააწესა, რომლებიც 2021 წელს მოიხსნა.