თბილისი, 23 დეკემბერი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო
საქმე ეხებოდა ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდს. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასა და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს მდებარე სოფელ წნელისის მახლობლად დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსებას.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს გახარიამ, რომელიც იმ დროს შს მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და მუდმივი წევრი იყო, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფლებამოსილების იგნორირებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ.
გამოძიების ცნობით, საგუშაგოს დადგმა და ამ ფაქტის მედიაში გაშუქება "გამოყენებული იქნა საბაბად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის".
გიორგი გახარიას ბრალდება სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "მ" ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, ექს-პრემიერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა მეორე საქმეზეც - 20 ივნისის აქციის დარბევის ეპიზოდზეც მიმდინარეობს.
გიორგი გახარია 2025 წლის ივნისიდან გერმანიაში იმყოფება. ქართული მედია ადრე იუწყებოდა, რომ მან ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა მიიღო. გახარიამ საქართველო დატოვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრების ფონზე, რომლებმაც უარი თქვეს საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოცხადებაზე. ის კომისიის წინაშე ორჯერ წარდგა - მეორედ ივლისის დასაწყისში, უკვე საზღვარგარეთ ყოფნისას.
20-21 ივნისის მოვლენების დროს გახარია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მან არაერთხელ განაცხადა, რომ სრულად აგებს პასუხს იმ ღამით პოლიციის ქმედებებზე და მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
მისი გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, ამ მოვლენებიდან ორთვენახევრის შემდეგ, 2019 წლის 9 სექტემბერს, გახარია საქართველოს მთავრობის მეთაური გახდა.
მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შტურმის მცდელობის საქმეზე.
შემდეგ გახარიამ შექმნა ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის", რომელმაც პოლიტიკურ ასპარეზზე საკუთარი ნიშა დაიკავა.
ოპოზიციაში წასვლის შემდეგ, მმართველმა პარტიამ მას მოღალატე უწოდა. გარდა ამისა, "ოცნებაში" აცხადებენ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებდა და სახელმწიფოს რეპუტაციას შეგნებულად ძირს უთხრიდა.