საქართველო სალოკომოტივო პარკს განაახლებს - „საქართველოს რკინიგზის" გეგმები

„საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზა“ ძველი ელმავლების შეკეთების ნაცვლად ახალ ელმავლებს შეიძენს და სრულად განაახლებს სალოკომოტივო პარკს, განაცხადა „საქართველოს რკინიგზის" გენდირექტორმა ლაშა აბაშიძემ.
„საქართველოს რკინიგზის“ მთავარი ამოცანა მოძრავი შემადგენლობისა და სალოკომოტივო პარკის განახლებაა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად განვაახლოთ სალოკომოტივო პარკი. შევისყიდით სრულიად ახალ ელმავლებს და გვექნება ახალი, თანამედროვე სალოკომოტივო პარკი. ეს არის რკინიგზისთვის ყველაზე დიდი პროექტი, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, სატრანზიტო დროის შემცირებითა და ახალი სალოკომოტივო პარკით საქართველოს რკინიგზა ,,შუა დერეფანში“ კიდევ უფრო მიმზიდველი და სტრატეგიული პარტნიორი გახდება.
ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის „თბილისი–მახინჯაურის" მოდერნიზაციის პროექტი 2012 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს ახალი 38-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას.
როგორც აბაშიძემ განაცხადა, მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში კომპანიამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა.
„,რკინიგზისათვის ყველაზე რთული რელიეფი უღელტეხილის მონაკვეთია. ამ ტერიტორიის გადაკვეთას მატარებლები ყველაზე დიდ დროს ანდომებენ, მოდერნიზაციის პროექტმა კი სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცა", - განაცხადა აბაშიძემ.
როგორც მან აღნიშნა, 2026 წლის 1-ელი იაქნვრიდან აქამდე არსებული 47-ვაგონიანი შემადგენლობა 57-ვაგონიანი გახდება, ასევე გაიზრდება მატარებლების წონა, რაც თითო გადაზიდვაზე გაცილებით მეტი ტვირთის გატარებას გახდის შესაძლებელს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულების სტადიაშია, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა თითქმის გაორმაგდება - 27-დან 48 მილიონ ტონამდე.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.