როდის ამოქმედდება უფასო უმაღლესი განათლების მოდელი: პრემიერის განმარტება

სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ.
Sputnik
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს, სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმას ეხება, დეკემბერში დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო. რეფორმების პირველი პაკეტი უნივერსიტეტებში სწავლის ვადების შემცირებას და მთავრობისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების ჩარიცხვის კვოტების დაწესების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს.
რაც შეეხება დღეს არსებულ სტუდენტებს, პრემიერის განმარტებით, მათზე გავრცელდება ის სისტემა, რომლითაც მათ ჩააბარეს უნივერსიტეტებში, მათ შორის, უცვლელი იქნება საგრანტო სისტემა და შესაბამისი გადასახადი.
„ჩვენ ბიუჯეტიც ამის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ახლად მიღებული სტუდენტებისთვის ავამოქმედოთ უკვე უმაღლესი განათლების სისტემა. რაც შეეხება თვითონ მოდელს, განისაზღვრება კონკრეტული უნივერსიტეტებისთვის კონკრეტული ფაკულტეტებისთვის საჭირო დაფინანსება. გათვალისწინებული იქნება განსხვავებული ფაკულტეტების განსხვავებული საჭიროებები, განისაზღვრება ფორმულა და ამ ფორმულით გადაეცემა კონკრეტულ უნივერსიტეტებს და მათ ფაკულტეტებს შესაბამისი დაფინანსება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კობახიძის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უნივერსიტეტებში შემცირდება მისაღები სტუდენტების რაოდენობა.
„გასულ წელს 31 ათასი სტუდენტი მიიღო საუნივერსიტეტო სისტემამ და ეს რაოდენობა არ შეიცვლება. სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, დარჩება იგივე. რაც შეეხება ავტონომიას, ავტონომიაც დარჩება. ყველა კითხვაზე ვართ მზად პასუხისთვის, იმიტომ, რომ შინაარსი გვამაგრებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებზე ჩატარდა შეხვედრები როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტების რექტორებთან.
„ყველგან იყო სივრცე დისკუსიებისთვის. ნებისმიერი ფორმატისთვის ვართ მზად, მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ურჩევნიათ, ცარიელ კარში ურტყან ბურთები, იმიტომ, რომ მათ სხვა რესურსი არ აქვთ. მხოლოდ ასე შეიძლება გახვიდე ფონს, როდესაც ინტელექტი არ გიმაგრებს ზურგს“, - განაცხადა პრემიერმა.
უმაღლესი განათლების რეფორმა
უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი. კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.
სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ.
ცვლილებების თანახმად, უქმდება საგრანტო დაფინანსება. კანონებიდან ყველა იმ ნორმას ამოიღებენ, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტსა და სამაგისტრო გრანტს ეხება. ამასთან, ახალი კანონით, მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურზე სწავლას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს.
გარდა ამისა, მთავრობა ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას - როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.
ასევე მთავრობა განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ონლაინ უნივერსიტეტის კონცეფციის/მოდელისა და სტანდარტის შემუშავების ვადის გადაწევას 2028 წლის 1-ელ იანვრამდე.