ანდრეი სტენინის სახელობის მე-12 საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსმა სტარტი აიღო

ფოტოკონკურსი ექვს ნომინაციას ითვალისწინებს: „მთავარი ახალი ამბები“, „სპორტი“, „ჩემი პლანეტა“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ და „ხედი ზემოდან“, ასევე ახალი კატეგორია „სიცოცხლის ენერგია“.
Sputnik
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვში ანდრეი სტენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ფოტოპროფესიონალების მე-12 საერთაშორისო კონკურსისთვის ნამუშევრების მიღება დაიწყო.
კონკურსმა, რომელიც „როსია სეგოდნიას“ 2014 წლის ზაფხულში დონეცკის მახლობლად დაღუპული სპეციალური ფოტოკორესპონდენტის სახელს ატარებს, განაცხადების მიღების დაწყება ტრადიციულად სტენინის დაბადების დღეს — 22 დეკემბერს გამოაცხადა.
„სტენინის კონკურსი მე-12-ედ ემზადება ნამუშევრების მიღებისთვის. ეს ყოველთვის სასიხარულო და საინტერესო პერიოდია - წელს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ჩვენი მონაწილეებისთვის სიურპრიზი მოვამზადეთ, რომელიც მათ აუცილებლად გაახარებს. მოხარული ვართ დავაანონსოთ ახალი ნომინაცია „სიცოცხლის ენერგია“. აღნიშნულ ნომინაციაში ნამუშევრების წარდგენა 34 წელს ზემოთ ასაკის ფოტოჟურნალისტებს შეუძლიათ. ჩვენი მისია უცვლელი რჩება: ახალი სახელების აღმოჩენა და ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის შანსის მიცემა. ამასთან, საინტერესო იქნება ცნობილი პროფესიონალების ნამუშევრების ნახვა, რომლებიც ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის სტანდარტებს აწესებენ. მოუთმენლად ველით როგორც ცნობილი, ისე დამწყები ფოტოგრაფების პროექტებს. ვამაყობთ, რომ ამის ნაწილი ვართ“, - განაცხადა საერთაშორისო მედიაჯგუფ Россия сегодня-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა.
ნომინაციები და პირობები
ფოტოკონკურსი ექვს ნომინაციას ითვალისწინებს: „მთავარი ახალი ამბები“, „სპორტი“, „ჩემი პლანეტა“, „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ და „ხედი ზემოდან“, ასევე ახალი კატეგორია „სიცოცხლის ენერგია“. „მთავარი ახალი ამბები“, „ჩემი პლანეტა“ და „პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი“ ორ კატეგორიად არის დაყოფილი - ფოტო და ფოტოსერია. „სპორტი“ და „ხედი ზემოდან“ კატეგორიებში მხოლოდ ერთი ფოტო იქნება წარდგენილი. ახალ კატეგორიაში „სიცოცხლის ენერგია“ მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 34 წელს ზემოთ ფოტოგრაფებს, ხოლო დანარჩენ ხუთ კატეგორიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 33 წლამდე ფოტოგრაფებს.
ფოტოპროფესიონალებს 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრები წარადგინონ კონკურსის საიტზე რუსულ და ინგლისურ ენებზე.
2025 წლის კონკურსის საპრიზო ფონდი 125 ათასი, 100 ათასი და 75 ათასი რუბლია პირველი, მეორე და მესამე ადგილებისთვის თითოეულ ნომინაციაში. სტენინის კონკურსის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელი კი 700 ათას რუბლს მიიღებს.
ანდრეი სტენინის სახელობის XII საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, მოსკოვში 2026 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება.
ვარსკვლავური ჟიური და წინა წლების გამარჯვებულები
სხვადასხვა წლებში ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ ცნობილი ფოტოგრაფები: ვლადიმირ ვიატკინი (რუსეთი), გაბრიელე ჩეკონი (იტალია), სეფა ქარაჯანი (თურქეთი), ხუან კანიეტე (არგენტინა) და სხვები.
კონკურსისლაურეატებს შორის არიან მსოფლიო დონის ფოტოგრაფები: ელენა ანოსოვა (რუსეთი) ციხეში მყოფი ქალების შესახებ სერიისთვის; დანილო გარსია დი მეო (იტალია) პარალიზებული გოგონას შესახებ ისტორიისთვის „ლეტიცია: უხილავი ცხოვრების ისტორია“; ალეხანდრო მარტინეს ველესი (ესპანეთი) ბელგრადში მიგრანტების შესახებ რეპორტაჟისთვის. 2025 წელს გრან-პრი ეკატერინა იაკელს (რუსეთი) გადაეცა ფოტოსერიისთვის „რუსული ხასიათი: წინააღმდეგობებით სირბილი“ - თემატიკა ომის ვეტერანებს ეხება, რომლებმაც ბრძოლებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, ყოველდღიურ ცხოვრებაში სიმამაცისა და უდრეკი სულის მაგალითს ავლენენ.
კონკურსი ინარჩუნებს გამარჯვებულთა საგამოფენო ტურების ტრადიციას რუსეთისა და უცხოეთის ქალაქებში. მისი არსებობის მანძილზე, კონკურსის გამარჯვებულების გამოფენები მაყურებლებმა იხილეს ჩინეთში, სამხრეთ აფრიკაში, მექსიკაში, არგენტინაში, ურუგვაიში, კოლუმბიაში, კონგოში, თურქეთში, ლიბანში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში.
კონკურსის შესახებ
ანდრეი სტენინის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსი, რომელიც ორგანიზებულია მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ მიერ იუნესკოს რუსეთის კომისიის ეგიდით, მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფოტოგრაფების მხარდაჭერასა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას თანამედროვე ფოტოჟურნალისტიკის გამოწვევებზე. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ფოტოგრაფებისთვის.
კონკურსის გენერალური საინფორმაციო პარტნიორები არიან: რუსეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კომპანია, ონლაინ-პლატფორმა „სმოტრიმ“ (რუსეთი).
კონკურსის საერთაშორისო მედიაპარტნიორები არიან: მედიაჰოლდინგი Independent Media (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), ახალი ამბების სააგენტო ANA (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), Shanghai United Media Group (ჩინეთი), გაზეთ The Paper-ის ინტერნეტ-პორტალი (ჩინეთი), მედიაჰოლდინგი Dar Al Sharq (ყატარი), ინტერნეტ-პორტალი Brasil247 (ბრაზილია), საინფორმაციო სააგენტო PTI (ინდოეთი), საინფორმაციო სააგენტო IINA (ერაყი), საინფორმაციო სააგენტო MEHR (ირანი), საინფორმაციო სააგენტო NAN (ნიგერია), საინფორმაციო სააგენტო Xinhua (ჩინეთი).
დარგობრივი პარტნიორების სახით კონკურსის მხარდამჭერები არიან: რუსეთის ჟურნალისტთა კავშირი (რუსეთი), საინფორმაციო პორტალი Young JOurnalists (რუსეთი) და პორტალი Photo-study.ru (რუსეთი).