საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის ჩატარებაზე უარს ამბობს

13 დეკემბერს თბილისში 2025 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საფრანგეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik.საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი France Télévisions აცხადებს, რომ ქვეყანა 2026 წლის საბავშვო ევროვიზიას არ უმასპინძლებს.
როგორც საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებულ ქვეყანას, საფრანგეთს 2026 წლის კონკურსის მასპინძლობაზე უარის თქმის უფლება ჰქონდა. კომპანიაში ეს გადაწყვეტილება ფინანსური პრობლემებით ახსნეს.
France Télévisions-ის მონაცემებით, მაუწყებელს 2026 წლის ბიუჯეტის დასაბალანსებლად 140 მილიონი ევროს დაზოგვა სჭირდება. ამასთან დაკავშირებით კომპანია საკუთარი ფინანსური სტრატეგიის გადახედვაზე მუშაობს.
თანხის დაზოგვისთვის საჭირო ნაბიჯებს შორის დასახელდა გეგმავს ეროვნული პროგრამების ბადის ხარჯების შემდგომი შემცირება, განმეორებით ეთერში გასული შემოქმედებითი პროგრამების რაოდენობის გაზრდა, გარკვეული გადაცემების შეწყვეტა და შესაძლოა ერთი ან რამდენიმე სპორტული ღონისძიების მაუწყებლობის უფლებების გადაყიდვაც.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთმა გამარჯვების შემდეგ საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარი თქვა. 2024 წელს საფრანგეთმა კონკურსის ჩატარებაზე უარი განაცხადა მას შემდეგ, რაც წინა სამი კონკურსიდან ორს უმასპინძლა და გადაწყვიტა, ყურადღება გადაეტანა 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მაუწყებლობაზე. შედეგად, მასპინძელი ქვეყანა ესპანეთი გახდა და 2024 წლის კონკურსი მადრიდში ჩატარდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას მოახდენს საფრანგეთის ეროვნული მაუწყებლის ბიუჯეტის შემცირებები საფრანგეთის 2026 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულია საფრანგეთი. 13 დეკემბერს თბილისში გამართულ ფინალში საუკეთესო ლუ დელეზი აღმოჩნდა.